. საქართველოს სამი უნივერსიტეტის სტუდენტებმა პრიორიტეტულ აგრარულ საკითხებზე FAO-ს სასერტიფიკატო კურსი დაასრულეს. საგანმანათლებლო ინიციატივა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) ევროკავშირისა და შვედეთის მხარდაჭერით, „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის“ (ENPARD IV) ფარგლებში განახორციელა.
FAO-ს აგრონომიისა და ექსტენციის სპეციალისტების მიერ შემუშავებული კურსი საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩატარდა. კურსი მოიცავდა სამ თეორიულ სესიასა და ერთდღიან პრაქტიკულ სწავლებას მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისში, FAO-ს, ევროკავშირისა და შვედეთის მიერ მხარდაჭერილი ფერმერის სადემონსტრაციო ნაკვეთზე.
ქართველი ფერმერების წინაშე არსებულ რეალურ გამოწვევებზე მორგებული თეორიული სესიები მოიცავდა შემდეგ საკითხებს:
- კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა
- მავნებლების ინტეგრირებული მართვა და პესტიციდების უსაფრთხო გამოყენება
- წყლის მდგრადი გამოყენება, ნიადაგის მართვა და განოყიერება.
კურსის ბოლო კვირას სტუდენტები FAO-ს სადემონსტრაციო ნაკვეთს ესტუმრნენ, სადაც ნიადაგის ანალიზი ჩაატარეს, იმუშავეს ნიადაგის ტენიანობის სენსორებითა და მეტეოსადგურებით, იხილეს, თუ როგორ ხდება წვეთოვანი საირიგაციო სისტემების აწყობა და მართვა, და შეისწავლეს, თუ როგორ ეხმარება ფერომონული და წებოვანი ხაფანგები მავნებლების კონტროლს.
სტუდენტებს, რომლებიც ოთხივე სესიას დაესწრნენ, სერტიფიკატები ENPARD IV-ის პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე გადაეცათ, რომელიც ევროკავშირისა და შვედეთის დაფინანსებით, FAO-სა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელდა. სასწავლო კურსი პარტნიორ ინსტიტუციებში სტუდენტებისთვის უკვე ჩატარებულ საგანმანათლებლო აქტივობებს დაეფუძნა, რომლებმაც მაღალი შეფასება და დადებითი გამოხმაურება დაიმსახურა.
აღნიშნული აქტივობა ENPARD IV-ის ფარგლებში FAO-ს ახალგაზრდებთან ჩართულობის ნაწილია. ჯამში, ვეტერინარიისა და აგრონომიის 915-მა სტუდენტმა გაიარა სპეციალიზებული ტრენინგი, რომელიც საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობას ისახავდა მიზნად. ხოლო სურსათის უვნებლობისა და ჯანსაღი კვების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია 3 400 სკოლის მოსწავლეს მოიცვა.
„საქართველოს სოფლის მეურნეობას სჭირდება ახალგაზრდა სპეციალისტები, რომლებიც აუდიტორიაში მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში გამოიყენებენ. ჩვენ მათ ვეხმარებით, თეორიული ცოდნა პრაქტიკულ ქმედებად აქციონ. ENPARD-ის მეშვეობით ევროკავშირი და შვედეთი ინვესტიციას ახორციელებენ ადამიანებში, რომლებიც სექტორის მომავალს განსაზღვრავენ, და ეს სტუდენტები ამ მომავლის ნაწილი არიან“, განაცხადა დენის რაისმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მდგრადი სასურსათო სისტემების პროგრამის მენეჯერმა.
„ამ კურსის მეშვეობით გვსურს, რომ სტუდენტებმა საველე პირობებში გამოიყენონ ხელსაწყოები და იხილონ ის პრაქტიკები, რომლებსაც ქართველი ფერმერები ამჟამად ნერგავენ. კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა, მავნებლების ინტეგრირებული მართვა და წყლის ეფექტიანი გამოყენება ნიშური საკითხები აღარაა – ისინი კონკურენტუნარიანი, ეფექტიანი და მდგრადი მეურნეობის საფუძველია, რომლის განვითარებასაც სოფლის მეურნეობის ახალი თაობის პროფესიონალები სულ უფრო მეტად უზრუნველყოფენ“, აღნიშნა გუიდო აგოსტინუჩიმ, FAO-ს პროგრამის მენეჯერმა.
___
ევროკავშირის შესახებ
30 წელზე მეტია ევროკავშირს საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებს. ქვეყნის განვითარებას ევროკავშირი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით და ექსპერტული, ინოვაციებისა და ფინანსური მხარდაჭერის გზით ახორციელებს. ევროკავშირსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის ურთიერთობა მშვიდობის, თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის საერთო ღირებულებებს ეფუძნება. საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე: https://eu4georgia.eu/ka/evrokavshiri-sakartveloshi/
პროექტის შესახებ
ევროკავშირი, ENPARD პროგრამის ფარგლებში, მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში. სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებისა და საქართველოში სიღარიბის შემცირების მიზნით ENPARD პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება. პროგრამა, საწყის ეტაპზე, მხარს უჭერდა სოფლის მეურნეობის პოტენციალის განვითარებას ქვეყანაში. მომდევნო ეტაპზე, პროგრამა ასევე კონცენტრირდა სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ეკონომიკური შესაძლებლობების გაჩენის ხელშეწყობაზე. 2021 წლიდან პროგრამა ქვეყნის მხარდაჭერას სურსათის უვნებლობის გაუმჯობესების კუთხითაც ახორციელებს ევროკავშირისა და შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით, ENPARD IV-ის ფარგლებში, სურსათის უვნებლობის კომპონენტის მთავარ განმახორციელებელ ორგანიზაციებთან, FAO-სა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან ერთად.






































