
ერთად აღვნიშნოთ მუზეუმების საერთაშორისო დღე — 18 მაისი! — ასეთი სლოგანით ავრცელებს მოსაწვევს სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
ამ დღეს მუზეუმის ღია სივრცე 13 საათზე უმასპინძლებს ახალდაბელი ახალგაზრდების შექმნილ თექის ნამუშევრების გამოფენას!
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ბორჯომის მერიის მიერ დაფინანსებული პროექტის — „ახალდაბის ახალგაზრდული მულტიფუნქციური ცენტრის“ წევრების მიერ დიდი სიყვარულით და ახალგაზრდული ენერგიით შექმნილი თექის ნაკეთობები, რაც ტრადიციული ხელოვნებისა და თანამედროვე ხედვის სინთეზს წარმოადგენს.
ღონისძიების მუსიკალურ განწყობაზე იზრუნებს მევიოლინე თეა მანჩხაშვილი (ზ. ფალიაშვილის სახელობის ბორჯომის სამუსიკო სკოლის პედაგოგი)
როგორც «ახალდაბის ახალგაზრდული მულტიფუნქციური ცენტრი»-ს დირექტორმა, ნატო გუბელაძემ და თექაზე მუშაობის პედაგოგმა, ვიკა ჩოგოვაძემ განაცხადეს, ამ გამოფენაზე მოწვევა მათ ბორჯომის მუზეუმის ხელმძღვანელებისაგან რამდენიმე თვის წინ მიიღეს, როდესაც ახალდაბის თექის კლუბის მოსწავლეების შესრულებული ნამუშევრების საანგარიშო გამოფენა გამართეს ბორჯომის სამუსიკო სკოლის შენობაში.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბორჯომის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით თექის კლუბის საქმიანობა კვლავ გრძელდება ახალდაბაში და სამომავლოდაც საინტერესო გამოფენები გველოდება. თექის კლუბთან ერთად, ახალგაზრდები ასევე ეუფლებიან ინგლისურ ენას და სწავლობენ გიტარაზე დაკვრას. ასეთი შესაძლებლობისთვის კი, ბუნებრივია, ძალიან დიდ მადლიერებას გამოვხატავთ ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ.
გვეწვიეთ, ერთად აღვნიშნოთ მუზეუმის საერთაშორისო დღე და ამავე დროს მხარი დავუჭიროთ ახალგაზრდა შემოქმედებს.
გამოფენა გაიმართება 2026 წლის 18 მაისს, 13 საათზე, ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. მისამართი: ქ. ბორჯომი, წმ.ნინოს ქუჩა #5










































