ბორჯომიnews
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
    ხაშურის მერი პაატა ჩადუნელი: “არ არსებობს პრობლემა, რომლის მოგვარებაც შეუძლებელია”

    ხაშურის მერი პაატა ჩადუნელი: “არ არსებობს პრობლემა, რომლის მოგვარებაც შეუძლებელია”

    თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის

    თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის

    თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში ‘“თბილისობა» გაიმართება 

    თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში ‘“თბილისობა» გაიმართება 

    თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

    თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

    ქართველმა სტუდენტებმა ევროკავშირისა და შვედეთის მხარდაჭერით FAO-ს აგრონომიის კურსზე პრაქტიკული უნარები შეიძინეს

    ქართველმა სტუდენტებმა ევროკავშირისა და შვედეთის მხარდაჭერით FAO-ს აგრონომიის კურსზე პრაქტიკული უნარები შეიძინეს

    ცესკომ საერთაშორისო აუდიტი კვლავ წარმატებით გაიარა

    ცესკომ საერთაშორისო აუდიტი კვლავ წარმატებით გაიარა

    თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე — ეფექტური 0%-ით

    თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე — ეფექტური 0%-ით

    მესხური კვალი: ხელოვნებითა და სიყვარულით გაცოცხლებული ისტორია ახალციხის ისტორიულ ციხეზე

    მესხური კვალი: ხელოვნებითა და სიყვარულით გაცოცხლებული ისტორია ახალციხის ისტორიულ ციხეზე

    თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

    თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

    თიბისის და მეტროპოლის სპეციალური შეთავაზება ემიგრანტებისთვის

    თიბისის და მეტროპოლის სპეციალური შეთავაზება ემიგრანტებისთვის

    Trending Tags

    • Donald Trump
    • Future of News
    • Climate Change
    • Market Stories
    • Election Results
    • Flat Earth
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • მსოფლიო
  • ინტერვიუ
  • კატეგორიები
    • მეცნიერება
      ტყის საერთაშორისო დღე

      ტყის საერთაშორისო დღე

      ახალ­და­ბა­ში არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ახალ­გაზ­რდუ­ლი მულ­ტი­მე­დი­უ­რი სას­წავ­ლო ცენ­ტრის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა

      ახალ­და­ბა­ში არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ახალ­გაზ­რდუ­ლი მულ­ტი­მე­დი­უ­რი სას­წავ­ლო ცენ­ტრის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა

      „წიგნიერების აქციის“  საშემოდგომო კვირეულის ფარგლებში ადიგენის ოთხმა სკოლამ მაჟორიტარი დეპუტატისგან საჩუქრად წიგნები მიიღო

      „წიგნიერების აქციის“ საშემოდგომო კვირეულის ფარგლებში ადიგენის ოთხმა სკოლამ მაჟორიტარი დეპუტატისგან საჩუქრად წიგნები მიიღო

      ბორჯომის საჯარო სკოლებს შორის ინტელექტ-ჩემპიონატის „რა? სად? როდის?“ გაზაფხული-ზაფხულის სეზონის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

      ბორჯომის საჯარო სკოლებს შორის ინტელექტ-ჩემპიონატის „რა? სად? როდის?“ გაზაფხული-ზაფხულის სეზონის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

      მოისხი ცოდნის „მანტია“ — ქართულ-ამერიკული მომავლის კლუბი „მანტია“ /Georgian American Future Club – Mantle

      მოისხი ცოდნის „მანტია“ — ქართულ-ამერიკული მომავლის კლუბი „მანტია“ /Georgian American Future Club – Mantle

      უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, დამატებითი შეზღუდვები წესდება

      Covid-საშვის აპლიკაციის პრეზენტაცია ბიზნეს-სექტორისთვის

      „საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში“ — მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით კონკურსი გამოცხადდა

      „საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში“ — მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით კონკურსი გამოცხადდა

      პროფესიული განვითარების საბჭომ 8 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერა

      პროფესიული განვითარების საბჭომ 8 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერა

      მიხეილ ჩხენკელი: „კოვიდის მართვაში საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო უნივერსიტეტების უფროსკურსელები ჩაერთვებიან“

      მიხეილ ჩხენკელი: „კოვიდის მართვაში საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო უნივერსიტეტების უფროსკურსელები ჩაერთვებიან“

      მიწის დეგრადაციის პრევენციისთვის, საქართველოში საძოვრების მდგრადი მართვის პოლიტიკის შემუშავება იწყება

      მიწის დეგრადაციის პრევენციისთვის, საქართველოში საძოვრების მდგრადი მართვის პოლიტიკის შემუშავება იწყება

      Trending Tags

      • Flat Earth
      • Sillicon Valley
      • Mr. Robot
      • MotoGP 2017
      • Golden Globes
      • Future of News
    • კულტურა
      მესხური კვალი: ხელოვნებითა და სიყვარულით გაცოცხლებული ისტორია ახალციხის ისტორიულ ციხეზე

      მესხური კვალი: ხელოვნებითა და სიყვარულით გაცოცხლებული ისტორია ახალციხის ისტორიულ ციხეზე

      ახალციხელი და ბორჯომელი ხელოვანი ქალების შემოქმედებითი პლენერი ახალდაბაში, ფოთოლეთის მამათა მონასტრის ეზოში

      ახალციხელი და ბორჯომელი ხელოვანი ქალების შემოქმედებითი პლენერი ახალდაბაში, ფოთოლეთის მამათა მონასტრის ეზოში

      შემოქმედება, რომელიც ბრენდად იქცევა!

      შემოქმედება, რომელიც ბრენდად იქცევა!

      „ის, რაც გვაერთიანებს“ — ახალდაბის საჯარო სკოლაში საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლის იუბილე აღნიშნეს

      „ის, რაც გვაერთიანებს“ — ახალდაბის საჯარო სკოლაში საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლის იუბილე აღნიშნეს

      ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი 18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ თექის ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს

      ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი 18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ თექის ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს

      YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება

      YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება

      თიბისი წარმოგიდგენთ 25-ე, საიუბილეო — „ქოლგა თბილისი ფოტო»-ს

      თიბისი წარმოგიდგენთ 25-ე, საიუბილეო — „ქოლგა თბილისი ფოტო»-ს

      კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს

      კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს

      მესხური ერდო-გვირგვინიანი საცხოვრებელი (დარბაზული) ნაგებობის სამშენებლო ტრადიციებს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა!

      მესხური ერდო-გვირგვინიანი საცხოვრებელი (დარბაზული) ნაგებობის სამშენებლო ტრადიციებს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა!

      ბორჯომში ახალდაბელი ახალგაზრდების თექის ნამუშევრების გამოფენა და მასტერკლასი გაიმართა

      ბორჯომში ახალდაბელი ახალგაზრდების თექის ნამუშევრების გამოფენა და მასტერკლასი გაიმართა

      Trending Tags

      • Golden Globes
      • Mr. Robot
      • MotoGP 2017
      • Climate Change
      • Flat Earth
    • ჯანდაცვა
      2026 წლიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტში სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზარდა

      2026 წლიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტში სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზარდა

      რა უნდა ვიცოდეთ ბიენზას შესახებ — გამოყენება და მოქმედების მექანიზმი

      რა უნდა ვიცოდეთ ბიენზას შესახებ — გამოყენება და მოქმედების მექანიზმი

      როგორ შველის ეუკარბონი მუცლის შებერილობას?

      როგორ შველის ეუკარბონი მუცლის შებერილობას?

      მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე პაციენტებს თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ

      მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე პაციენტებს თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ

      სახალხო დამცველის განცხადება ფემიციდთან დაკავშირებით

      სახალხო დამცველის განცხადება ფემიციდთან დაკავშირებით

      ტყის საერთაშორისო დღე

      ტყის საერთაშორისო დღე

      ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურ პროექტებში მნიშვნელოვანი სიახლეებია!

      ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურ პროექტებში მნიშვნელოვანი სიახლეებია!

      რეგულირების სააგენტოს განცხადება

      რეგულირების სააგენტოს განცხადება

      2023 წლიდან, ქრონიკულ და ონკოლოგიურ წამლებზე, რეფერენტული ფასების მექანიზმი ამოქმედდება

      2023 წლიდან, ქრონიკულ და ონკოლოგიურ წამლებზე, რეფერენტული ფასების მექანიზმი ამოქმედდება

      სამშობლოში დაბრუნებულ 88 მიგრანტს გრანტი გადაეცემა

      სამშობლოში დაბრუნებულ 88 მიგრანტს გრანტი გადაეცემა

    • სპორტი
  • გაზეთი
No Result
View All Result
borjominews
Home ბლოგი

ხაშურის მერი პაატა ჩადუნელი: “არ არსებობს პრობლემა, რომლის მოგვარებაც შეუძლებელია”

ხაშურის მერი პაატა ჩადუნელი: “არ არსებობს პრობლემა, რომლის მოგვარებაც შეუძლებელია”
Share on FacebookShare on Twitter

                                                                            პროლოგის მაგიერ

დღეს ჩვენი რუბრიკის “პირველი პირი — პირისპირ” სტუმარია ხაშურის მერი, ბატონი პაატა ჩადუნელი. ჩვენს მედიასახლთან ეს ბატონი პაატას პირველი ინტერვიუა ხაშურის მერის რანგში, ამიტომ ჩვენი სურვილია, მკითხველს  მისი პორტრეტი დავანახოთ, როგორც არამარტო ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირი, არამედ — გავაცნოთ ადამიანი თანამდებობის მიღმა, მისი ხასიათი, ღირებულებები, ცხოვრებისეული გამოცდილება და ისიც, რამდენად ემთხვევა მისი ხედვა ხაშურის მოსახლეობის ყოველდღიურ საჭიროებებს. ჩვენი კითხვებიც ამ პრინციპით შევარჩიეთ:

ცხოვრება თანამდებობის მიღმა / პიროვნული პორტრეტი:

  • ბატონო პაატა, დღეს საზოგადოება თქვენ ხაშურის მერად გიცნობთ, მაგრამ როგორი ადამიანია პაატა ჩადუნელი თანამდებობის მიღმა? რა არის თქვენი ხასიათის მთავარი თვისება და როგორი ხართ ოფიციალური შეხვედრების მიღმა? გაქვთ ჰობი ან გატაცება, რომლის შესახებაც ფართო საზოგადოებამ შესაძლოა არაფერი იცოდეს?
  • მერის მიღმა ჩემი ცხოვრება არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი საშუალო სტატისტიკური ადამიანის ცხოვრებისგან. მაქვს სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ სათივეში, საიდანაც მე ვარ წარმოშობით, იქ მაქვს სახლი, მაქვს მცირე მიწის ნაკვეთი, სადაც სახლი არის განთავსებული და თითქმის ყოველდღიურად და დასვენების დღეებში, ჩვეულებრივად, როგორც ყველა სოფელში მცხოვრები ადამიანი, დაკავებული ვარ სხვადასხვა საქმიანობით. მაგალითად: ეზოს მოვლით, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოებით იქ ადგილზე, ეს იქნება შეღებვა, სადურგლო საქმე, ელექტროსაქმე თუ ასე შემდეგ. ნებისმიერი საკითხი, რაც სახლისთვის, საოჯახო პირობებში შესაქმნელად არის საჭირო, თავად შემიძლია გავაკეთო.
  •  და მერობის პერიოდში უკვე ალბათ ნაკლებად იცლით ხომ ასეთი საქმიანობისთვის?
  • კი, ამისთვის ნაკლებად ვიცლი, თუმცა, ყოველთვის ვცდილობ, რომ თუნდაც სამსახურის შემდეგაც, ერთი-ორი საათიც რომ მქონდეს დრო, რაღაც გავაკეთო, ვთქვათ — იქ ეზოს მივხედო, მარანში ღვინოს მივხედო და ასე შემდეგ. ზოგადად, არ მიყვარს უსაქმოდ ყოფნა, მუდმივად ვცდილობ, რომ რაღაცით ვიყო დაკავებული. ეს იქნება, თუნდაც საოჯახო საქმეები, თუნდაც — კითხვა, თუნდაც ავტომანქანებთან ურთიერთობა. ავტომობილები მიყვარს ძალიან და ზოგადად ავტომანქანებთან ურთიერთობა. ყოველდღიური დაძაბული რეჟიმის შემდეგ ეს ყველაფერი, რაც ჩამოვთვალე, მაძლევს საშუალებას, რომ გადავიტანო ყურადღება სხვა საკითხებზე, სხვა თემებზე, რითაც მე გონებრივადაც და ფიზიკურადაც ვისვენებ.
  • და მაინც, თქვენი ხასიათის საუკეთესო თვისებად რას მიიჩნევთ?
  • ვარ ძალიან კომუნიკაბელური, არ მიჭირს ადამიანებთან ურთიერთობა. ამავდროულად — პასუხისმგებლიანი ვარ ძალიან, ყველა ჩემს სიტყვას, აბსოლუტურად, რასაც მე ვამბობ — ეს ეხება სამსახურს, თუ ეს ეხება პირად ცხოვრებას — აუცილებლად ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ და პასუხისმგებლობას ვიღებ ყველა ქმედებაზე, რაზეც ვსაუბრობ. არ ვარ ძალიან მკაცრი, ვარ პრინციპული და შესაბამისად, იმ საქმეში, რასაც ვაკეთებ, ძალიან მეხმარება ჩემი ხასიათი, რომ ადამიანებთან ურთიერთობა მარტივად დავამყარო.

კარიერული გზა და გამოცდილება

  •  როგორი იყო თქვენი ცხოვრების გზა ბავშვობიდან ხაშურის მერობამდე? გაიხსენეთ მნიშვნელოვანი ეპიზოდები თქვენი ცხოვრებიდან.
  • ჩემი ბავშვობა ძირითადად გავატარე ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ სათივეში. რამდენიმე წელი ბორჯომის პირველ საშუალო სკოლაში ვისწავლე. დედაჩემი მუშაობდა ბორჯომში, მამაჩემი — ხაშურის მინის ტარის ქარხანაში.  უკვე მე-10, მე-11 კლასში გადავინაცვლე თბილისში, კერძოდ, დემირელის სახელობის კერძო კოლეჯში გავაგრძელე სწავლა. ეს უკვე არის 2000-იანების დასაწყისი, საიდანაც შემდეგ ჩავაბარე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, დავამთავრე ბიზნესის მართვის ფაკულტეტი. შემდეგ კი როგორც ბევრმა ჩემს გარშემო, ნულიდან დავიწყე საქმიანობა, ჩვეულებრივი კონსულტანტის პოზიციიდან ერთ-ერთ მაღაზიათა ქსელში და მას შემდეგ დაახლოებით 20 წლის განმავლობაში ჩემი კარიერა წარიმართა სხვადასხვა ცნობილ დიდ კომპანიაში, მათ შორის -საერთაშორისო კომპანიებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე, როგორიც არის დირექტორი, გენერალური დირექტორის მოადგილე და ასე შემდეგ. მონაწილეობა მაქვს მიღებული რამდენიმე  მსხვილი კომპანიის ჩამოყალიბებასა და შექმნაში.

20 წლის განმავლობაში საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღე კერძო სექტორში მენეჯმენტის კუთხით და ეს ყველაფერი ძალიან მეხმარება დღესაც. ანუ, სანამ ხაშურის მერი გავხდებოდი, მე ვიყავი ჩვეულებრივი ადამიანი, ვინც მთელი თავისი ცხოვრება თავისი პროფესიით მუშაობდა, აკეთებდა იმ საქმეს, რაც უყვარდა.

  • თქვენი კერძო ბიზნესი არ გქონიათ?
  • არა, ჩემი კერძო ბიზნესი მე არ მქონია.
  • რა იყო თქვენს ცხოვრებაში ის მთავარი გამოცდილება, ან თუ იყვნენ ადამიანები, რომელთაც თქვენი პიროვნების ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა მოახდინეს და ეს დღესაც გეხმარებათ რთული გადაწყვეტილებების მიღებაში?
  • კი ბატონო. ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებიც იყვნენ ჩემი ხელმძღვანელები და ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიების დამფუძნებლები. ესეთი იყო, მაგალითად, ბატონი ანზორ ქოქოლაძე, რომელთანაც მე დავიწყე კარიერული წინსვლა და მისი მენტორობით ძალიან ბევრი რამ ვისწავლე და ბევრ რამეს მივაღწიე. ასეთი იყო ბატონი სოსო ფხაკაძე, რომლის მოადგილედაც ვიმუშავე დაახლოებით 5 წელი და მისგან უამრავი რამ ვისწავლე. ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში გარდამტეხი როლი ითამაშა ცნობილ ფსიქოლოგთან, ბატონ ზურაბ მხეიძესთან მეგობრობამ და თანამშრომლობამ. მქონდა ბედნიერება, დაახლოებით 6 წელი მემუშავა მასთან ერთად და დღესაც ვმეგობრობთ.

და ასევე, რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის — ეს მშობლები არიან, დედა და მამა. პირველ რიგში ოჯახის წევრებისგან, მათ შორის უფროსი ძმისგან, ვისწავლე ყველაფერი, რაც, ასე ვთქვათ, ეხება ადამიანობას, ღირსებას, ზოგადად, ადამიანის სწორად ქცევას, ადამიანურ თვისებებს…

  • სწორედ ესეც მაინტერესებდა,რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ოჯახის მხარდაჭერა?
  • რა თქმა უნდა, ოჯახის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესი არის  ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპზე. დღესაც ჩემი პირადი ოჯახი ყოველთვის გვერდით მიდგას.

  • გაგვაცანით თქვენი პირადი ოჯახი…
  • მყავს მეუღლე, ნინო ურუშაძე, პროფესიით ეკონომისტია და ორი შვილი: ნიკოლოზი და ლუკა. ისინი სტუდენტები არიან — უფროსი არის მესამე კურსის სტუდენტი და უმცროსი პირველი კურსის სტუდენტია.
  • მამის პროფესია ხომ არ აირჩიეს?
  • მამის პროფესია აირჩია უფროსმა ბიჭმა. უმცროსმა ჩააბარა საავიაციო უნივერსიტეტში და სწავლობს საავიაციო ინჟინერიას.

მათ თანადგომას მე ყოველთვის ვგრძნობდი ცხოვრების ყველა ეტაპზე აბსოლუტურად და დღესაც ისინი ცდილობენ, რომ მუდმივად ჩემს გვერდით იყვნენ თავისუფალ დღეებში.  ისე მოხდა, რომ მე მარტო ვცხოვრობ სოფელში და უქმე დღეებში, შაბათ-კვირას ჩემი ოჯახი ჩამოდის ჩემთან.

  • როგორ შეიცვალა თქვენი ყოველდღიური ცხოვრება მას შემდეგ, რაც მერის პასუხისმგებლობა აიღეთ?
  • ჩემი ყოველდღიური ცხოვრება, რა თქმა უნდა, ძალიან შეიცვალა… ეს პასუხისმგებლობა უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს, რომ ყველაფერი ისე წავიდეს, როგორც საჭიროა, ყველა მიმართულებით. ყველა ჩემი ქცევა, ყველა ჩემი სიტყვა, ყველა ჩემი, ასე ვთქვათ, მოქმედება, რაც ყოველდღიურად ხდება მერის ამპლუაში, მოითხოვს ძალიან დიდ სიფრთხილეს, ძალიან დიდ პასუხისმგებლობას, ყველა ნაბიჯის აწონ-დაწონვას და მაქსიმალურ კონცენტრაციას საქმეზე. შესაბამისად, ჩემი ცხოვრება უფრო მეტად დაძაბული გახდა, ვიდრე აქამდე იყო, თუმცა, ეს არ მაშინებს, რადგან ჩემი წარსული კარიერის განმავლობაში ძალიან ბევრ სირთულეს შევჭიდებივარ წარმატებით. ბევრი პრობლემაც დამიძლევია ჩემი ცხოვრების გზაზე და შესაბამისად, გამოწრთობილიც ვარ. მიმაჩნია,რომ არ არსებობს პრობლემა, რომელიც არ გადაწყდება. ყველა პრობლემას ქმნის ადამიანი და, რა თქმა უნდა, ადამიანსვე შეუძლია, რომ ეს პრობლემა მოაგვაროს.
  • ვიდრე მერი გახდებოდით, მანამდე თუ გქონდათ პოლიტიკასთან რაიმე შეხება?
  • არა, მანამდე პოლიტიკასთან არანაირი შეხება არ მქონია, აბსოლუტურად. მე, უბრალოდ, მივიღე შემოთავაზება, რომ ჩემი გამოცდილებიდან და ცოდნიდან გამომდინარე და რადგან ხაშურის მკვიდრი ვარ, შემომთავაზეს, გამომეყენებინა შანსი, რომ ხაშურისთვის რაიმე კარგი გამეკეთებინა. ჩემი გამოცდილება, რაც დავაგროვე ამ წლების განმავლობაში, მიმემართა ხაშურის კეთილდღეობისკენ და, რა თქმა უნდა, მე ეს შანსი გამოვიყენე.
  • ბატონო პაატა, მერობა გარედან ხშირად პრესტიჟულ თანამდებობად ჩანს. როდესაც ხაშურის მერის პასუხისმგებლობა აიღეთ, რა იყო თქვენი მთავარი მიზანი და რა აღმოჩნდა ყველაზე რთული იმ რეალობაში, რომელსაც თანამდებობის დაკავების შემდეგ შეხვდით?
  •  რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა მერის პოზიცია ზოგადად და ყველაზე რთული, ალბათ, აქ არის ის, რომ აუცილებელი და ძალიან მნიშვნელოვანია, მოვუსმინოთ ყველას და გავიაზროთ, გავითავისოთ ყველა იმ ადამიანის აზრი, პრობლემა, გულისტკივილი თუ ასე შემდეგ, ვინც ცხოვრობს მუნიციპალიტეტში. სამწუხაროდ, უამრავი პრობლემა არსებობს და ყველაზე რთული ისაა, უნდა ვეცადოთ, ყველა ამ პრობლემას, ასე ვთქვათ, ერთდროულად გავუმკლავდეთ. ამაში მე ძალიან მეხმარება ზოგადად კომუნიკაცია ადამიანებთან. როგორც აღვნიშნე, არ მიჭირს ადამიანებთან ურთიერთობა, მათი მოსმენა. მუდმივად ვმოძრაობ, დავდივარ ქალაქში, სოფლებში, რა ვიცი, შესაძლებელია ხშირად ქუჩაშიც ჩვეულებრივად შეგხვდეთ და… „სეირნობა“ არ ჰქვია ამას, უფრო საქმეზე დავდივარ ხოლმე სხვადასხვა ადგილებში, მივდივარ, სადაც სამუშაოები მიმდინარეობს, ჩემი თვალით ვათვალიერებ, მარტო, აბსოლუტურად მარტო დავდივარ და, შესაბამისად, მოსახლეობასთანაც კომუნიკაცია მაქვს. თითქმის ყოველ მეორე დღეს პატარ-პატარა შეხვედრები მიწევს ხოლმე ხაშურის სხვადასხვა უბანში…

  • რა ისწავლეთ საკუთარ თავზე ამ პერიოდის განმავლობაში ისეთი, რაც მანამდე არ იცოდით?
  •  ამ პერიოდში ჩემს შესაძლებლობებში აღმოვაჩინე ის, რომ თუ აქამდე ვფიქრობდი, რომ რაღაც კონკრეტულ საკითხზე შეიძლება, გამჭირვებოდა გამოსავლის მოძებნა და პრობლემის გადაწყვეტა, დღეს მე ვიცი, რომ არ არსებობს არანაირი პრობლემა, რომელიც არ შეიძლება, რომ მარტივად არ მოგვარდეს. ყველა პრობლემას აქვს მარტივად გადაჭრის გზა, მთავარია, ამაზე ვიფიქროთ, მთავარია, ამასთან დაკავშირებით ვიმუშაოთ და კითხვები დავსვათ. აი, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ამიტომ ამ პერიოდის განმავლობაში კიდევ უფრო დავრწმუნდი იმაში, რომ აუცილებელია მოსმენა. მოსმენის გარეშე არაფერი არ გამოვა — და აუცილებელია ასევე, რომ ყველა საკითხს, ყველანაირ პრობლემას მივუდგეთ ცივი გონებით და ვიფიქროთ გადაწყვეტის რამდენიმე გზაზე, რომლიდანაც ერთ-ერთი აუცილებლად იქნება მარტივი გამოსავალი და პრობლემის მოგვარება. დღესდღეისობით, მე შემიძლია ვთქვა, რომ არ არსებობს პრობლემა, არ არსებობს საკითხი, რომლის მოგვარებაც ჩვენ არ შეგვიძლია. უბრალოდ, ყველაფერს სჭირდება რესურსი, დრო და, რა თქმა უნდა, კომუნიკაცია ადამიანებს და უწყებებს შორის.

მუნიციპალიტეტის მთავარი გამოწვევები და ინფრასტრუქტურა

  • თქვენი შეფასებით, რა არის დღეს ხაშურის მუნიციპალიტეტის სამი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა და კონკრეტულად რა ნაბიჯებს დგამთ მათ მოსაგვარებლად?
  • ხაშურისთვის სამი ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე დიდი პრობლემა არის: საგზაო ინფრასტრუქტურა, წყალმომარაგება და წყალარინების სისტემის გაუმართაობა და ასევე — საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის არარსებობა.
    ჩვენს საგზაო ინფრასტრუქტურას რაც შეეხება, ბოლო ერთი წლის განმავლობაში უპრეცენდენტო სამუშაოები ჩავატარეთ და დაახლოებით 14 კილომეტრი ასფალტის საფარი დავაგეთ მხოლოდ ხაშურის ცენტრის ტერიტორიაზე. მსგავსი მასშტაბის სამუშაოები ჯერ ხაშურის ისტორიაში არ ყოფილა და ეს ძალიან წინგადადგმული ნაბიჯია ამ პრობლემის მოგვარებისკენ. რაც შეეხება წყალარინებას და წყლით მომარაგების საკითხს, ეს სამუშაოები მიმდინარეობს დღესაც და ჩემი, ასე ვთქვათ, დიდი სურვილია და ვმუშაობ ძალიან ბევრს ამ საკითხზე, რომ რაც შეიძლება, მალე დასრულდეს ეს პროექტი. ჩემი გუნდის ძალისხმევა ამ პროცესს ძალიან ეხმარება და მაქსიმალურად აჩქარებულია პროცესები. მალე 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება ხაშურს.

მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა მუნიციპალური ტრანსპორტის არარსებობა. მას შემდეგ, რაც დასრულდება ხაშურში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და წყლის სისტემების რეაბილიტაცია, გზები უკვე გვექნება, შესაბამისად ჩვენ უკვე გეგმაში გვაქვს, რომ მაქსიმუმ 2029 წლისთვის, შესაძლებელია მანამდეც, ხაშურში გაჩნდეს მუნიციპალური ტრანსპორტი, შესაბამისი ინფრასტრუქტურით, რომელიც მხოლოდ ხაშურს კი არ მოემსახურება, რა თქმა უნდა, სოფლებსაც მოემსახურება.

რაც შეეხება გარშემო სოფლებს და ზოგადად, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებს, იქაც ანალოგიურად მნიშვნელოვანი პრობლემებია: საგზაო ინფრასტრუქტურა, წყლის საკითხი და მუნიციპალური  ტრანსპორტის არარსებობა. შესაბამისად, ეს საკითხები ასე თუ ისე მწვავედ დგება ხოლმე მოსახლეობასთან შეხვედრის დროს. სასმელი წყლის პრობლემა დაახლოებით ჩვენი სოფლების მაქსიმუმ 30-40%-ში არის მოგვარებული და ჩვენ გვაქვს გეგმები, რომ ყველა სოფელში უახლოეს წლებში სასმელი წყლის პრობლემა მოგვარდეს.

  • მოსახლეობასთან შეხვედრებისას რომელ პრობლემებს ასახელებენ ყველაზე ხშირად?
  • მოსახლეობიდან ძირითადად არის ხოლმე ინფრასტრუქტურული და წყლით მომარაგების  საკითხების დაყენება. შეხვედრების დროს, რა თქმა უნდა, არის კრიტიკაც, უკმაყოფილებაც, კატეგორიული მოთხოვნებიც და  ეს ბუნებრივიცაა. რა თქმა უნდა, ჩვენს მოსახლეობას აქვს აბსოლუტური უფლება, რომ მოთხოვნები დააყენოს მთავრობის და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის წინაშე და ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ მათ ამ მოთხოვნებზე ვუპასუხოთ. არის ისეთი საკითხები, რომლის გადაჭრაც ჩვენ პირობითად, რესურსებიდან გამომდინარე, არ შეგვიძლია, თუმცა ამაში გვეხმარებიან სხვადასხვა სამინისტროები და ძირითადად ეს მაინც ეხება საგზაო ინფრასტრუქტურას. სოფლის მისასვლელი გზები 80%-ზე მეტი უკვე დაგებული გვაქვს და კიდევ მომავალ წელსაც გავაგრძელებთ ამ საკითხის მოგვარებას. წყლის საკითხებს რაც შეეხება, წელს ჩვენ რამდენიმე სოფელში უკვე დავიწყეთ ჭაბურღილების მოწყობა, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ დაახლოებით 10 სოფლამდე, უკვე მომავალ წელს უზრუნველვყოთ წყლით და წყლის სისტემის გამართულობით, რითაც ძალიან ბევრ პრობლემას მოვაგვარებთ ამ სოფლებში.

გარკვეული საკითხები, სამწუხაროდ, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო იწელება, ყველაფერი ერთად არ კეთდება,რაც უკმაყოფილების მიზეზი ხდება ხოლმე, თუმცა მთავარი, მე აღვნიშნე კიდეც, რომ არის ადამიანებთან კომუნიკაცია, მათი მოსმენა, მათი გასაჭირის და პრობლემების გულთან მიტანა და ამას ჩვენ მუდმივად ვაკეთებთ, მუდმივად არის შეხვედრები და, შესაბამისად, ვმუშაობთ ამ საკითხებზე.

  • როგორ რეაგირებთ მოქალაქეების კრიტიკაზე? შეგიძლიათ გაიხსენოთ ისეთი შემთხვევა, როდესაც მოქალაქის შენიშვნამ თქვენი გადაწყვეტილება ან მიდგომა შეცვალა?
  • კრიტიკა, ზოგადად, მე ვფიქრობ, რომ, ძალიან მნიშვნელოვანია. პრობლემის დაფიქსირება, კრიტიკული შენიშვნა — ეს ძალიან ბევრ მინიშნებებს გვაძლევს ხოლმე სხვადასხვა პრობლემაზე და ხშირ შემთხვევაში მიდგომებსაც ცვლის. მე მიმიღია კრიტიკული შენიშვნა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით მოსახლეობის მხრიდან და გეტყვით იმასაც, რომ გადაწყვეტილებები, მასშტაბური გადაწყვეტილებებიც კი, შეგვიცვლია ხოლმე მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით. და მე ვფიქრობ, რომ ეს აუცილებელია. რატომ? იმიტომ, რომ ის პრობლემა, რომელსაც მოსახლეობა აფიქსირებს, მათ ყველაზე კარგად იციან. შესაბამისად, ჩვენ, შესაძლებელია, ვერ ვხედავდეთ შორიდან რეალურად, მაგალითად, რომელმე სოფელში რომელი პრობლემა უფრო მწვავედ დგას. და მე თუ, პირობითად, გადავწყვეტ, რომ კონკრეტულ სოფელში მნიშვნელოვანი იქნება მოვაგვაროთ, ვთქვათ, გზის პრობლემა, შესაძლებელია მოსახლეობას იქ სხვა უფრო მწვავე პრობლემა ჰქონდეს და მათ გამოთქვან პროტესტი, რომ, ვთქვათ, მოდი ჯერ სხვა პრობლემა მოვაგვაროთ და გზა შემდეგ გავაკეთოთ… შესაბამისად, ჩვენ მათ ვუსმენთ და ყოველთვის ვითვალისწინებთ ამას. ჩვენი სოფლის მხარდაჭერის პროგრამებშიც აშკარად ჩანს ეს ყველაფერი, იმიტომ, რომ მხოლოდ და მხოლოდ უმრავლესობის აზრის გათვალისწინებით ხდება პროექტების განხორციელება.
  • ბატონო პაატა, ხაშურის გეოგრაფიული მდებარეობა ხშირად მის ეკონომიკურ უპირატესობად სახელდება. როგორ შეიძლება ეს უპირატესობა გადაიქცეს ახალ სამუშაო ადგილებად და მოსახლეობის შემოსავლების ზრდად?
  • ხაშური არის საქართველოს გული, ასე ვთქვათ, გეოგრაფიულადაც და ისეც. ამიტომ, მისი გეოგრაფიული მდებარეობა ძალიან ხელსაყრელია ზოგადად ბიზნესის განვითარებისთვის. ხაშური არ გამოირჩევა სოფლის მეურნეობით, არ გამოირჩევა პირობითად, მინერალური რესურსებით, მაგალითად, როგორც ჩვენი მეზობელი მუნიციპალიტეტებია, თუნდაც ავიღოთ საჩხერე, თუნდაც ავიღოთ ბორჯომი და ასე შემდეგ. ჩვენი მუნიციპალიტეტი გამოირჩევა მდებარეობით და მისი ადგილმდებარეობა საშუალებას აძლევს საქართველოში მსხვილ ბიზნესებს, რომ მათი ფილიალები გახსნან ხაშურის ტერიტორიაზე, რაც, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს უკვე მოსახლეობის დასაქმებასაც, ხელს უწყობს აუცილებლად ასევე შემოსავლის ზრდას მუნიციპალიტეტში გადასახადების სახით. თქვენ შეგიძლიათ ხაშურში ნახოთ ისეთი ბრენდები, ისეთი ქსელები, ქართული ქსელები, რომლებიც შესაძლებელია მეზობელ ქალაქებში არ იყოს და ზუსტად ამის განმაპირობებელია, რა თქმა უნდა, ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა. შესაბამისად, ხაშურისთვის ყველაზე დიდი პერსპექტივა არის ვაჭრობა და სავაჭრო ქსელების და სხვადასხვა წარმოებების განვითარება. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ხაშური არის ყველაზე დიდი სარკინიგზო კვანძი საქართველოში. ხაშურის ტერიტორიაზე უახლოეს პერიოდში იგეგმება ელმავალშემკეთებელი ქარხნის მშენებლობა, რაც კიდევ დამატებით შემოსავალს მოუტანს მოსახლეობას და, შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტსაც ეკონომიკური კუთხით. ასე რომ, ხაშურს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. წელს, წინა წლებთან შედარებით, რეკორდული ზრდა დაფიქსირდა თუნდაც საკუთარ შემოსავლებში და სხვადასხვა შემოსავლებში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. ეს, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად ჩვენი გუნდის დამსახურებაც არის, რადგან ჩვენ შევცვალეთ მიდგომები, შევცვალეთ სხვადასხვა პროცესები და ასევე, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის ნაწილი თვითონ ქვეყნის განვითარების და საქართველოს ეკონომიკის ზრდის.
  • რა კონკრეტული ნაბიჯებია დაგეგმილი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად? როგორ შეიძლება ადგილობრივმა მეწარმემ მერიისგან მიიღოს პრაქტიკული დახმარება?
  • ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერას რაც შეეხება, ჩვენ ძალიან ხშირად, ინტენსიურად ვიღებთ მონაწილეობას ქვეყანაში დაგეგმილ და საერთაშორისო გამოფენებში, რომლებიც ეხება მეწარმეების წარმოჩენას და მათ ხელშეწყობას, ახალი მომხმარებლების მოძიებას. მე პირადად, როგორც ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი, ვცდილობ, ყველა მეწარმესთან პირადად მივიდე, გავეცნო მათ საქმიანობას, გავუკეთო რეკლამირება მათ სამუშაოს, წარმოება იქნება ეს, ფერმერული მეურნეობა თუ სხვა კონკრეტული პროდუქციის გამოშვება. სხვათა შორის, შეიძლება, ეს არ იცოდეს ბევრმა, მაგრამ ყველაზე დიდი ლოკოკინების საწარმო/ფერმა საქართველოში ხაშურში მდებარეობს, რომელიც ძალიან ბევრნაირ პროდუქციას აწარმოებს და ეს პროდუქცია ძირითადად ექსპორტზე გადის და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ეკონომიკა, ბიზნესი და ტურიზმი

  • თქვენი აზრით, ხაშურს განვითარების რა რესურსი აქვს ისეთი, რომელიც ჯერ სათანადოდ არ არის გამოყენებული?
  •  ეს რესურსი არის პირველ რიგში ტურიზმი. ცნობილი ფრაზაა “ხაშურში რა უნდა ტურისტს”…, რა უნდა და… ძალიან ბევრი ტურისტული ადგილი უნდა, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ტურისტული ღირსშესანიშნაობა გვაქვს ჩვენ ხაშურის მუნიციპალიტეტში, რომელიც ფართო მასშტაბით, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

პირადად მე მიმაჩნია, რომ  ხაშურის მუნიციპალიტეტს აქვს ტურისტული განვითარების ძალიან დიდი პოტენციალი. დავიწყოთ თუნდაც იქიდან, რომ ჩვენ გვაქვს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სადაც გვიანი ქვის ხანიდან დაწყებული დღემდე დაახლოებით 100 000 ისტორიული ექსპონატი ინახება. ზოგადად, ჩვენი მუნიციპალიტეტს ძალიან მდიდარი ისტორია აქვს. შესაბამისად, ჩვენ ვმუშაობთ უკვე, რომ შესაბამისი ინფრასტრუქტურა შევქმნათ ტურისტულად მიმზიდველ ადგილებზე. მაგალითისთვის, ვგეგმავთ, რომ, ვთქვათ, აი სურამის ციხის ტერიტორიასთან მოვაწყოთ დიდი საპარკინგე ადგილი თავისი სველი წერტილებით, თავისი არტით, შესაბამისი ინფრასტრუქტურით, დასასვენებელი პარკით, რომ მოსახლეობას და ასევე ტურისტებსაც უფრო მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ, რომ მივიდნენ, მიიღონ სხვადასხვა სერვისები. ჩვენ ვავითარებთ ასევე სხვადასხვა ლოკაციებზე მისასვლელ გზებს და გვინდა, რომ მომავალში ტურისტულ ღირსშესანიშნავ ადგილებზე მისვლა უფრო გამარტივდეს ტურისტებისთვის. მალე ძალიან პოპულარული ადგილები გაჩნდება ხაშურის მუნიციპალიტეტში იმისთვის, რომ ადგილობრივმა თუ საერთაშორისო ტურისტებმა ძალიან სასარგებლო და საინტერესო ლოკაციები მოინახულონ და მიიღონ ინფორმაცია ჩვენს შესახებ.

  • სასტუმროები თუ არის განვითარებული მუნიციპალიტეტში?
  • დიახ, სასტუმროები ხაშურის მუნიციპალიტეტში განვითარებულია. მაგალითისთვის, ყველაზე ცნობილი, რა თქმა უნდა, ჩვენი კურორტი სურამია, სადაც ძალიან ბევრი საოჯახო თუ დიდი ზომის სასტუმროა. ასევე ძალიან კეთილმოწყობილი და თანამედროვე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო არის სოფელ ქვიშხეთში —  სასტუმრო „მწერლები“. იგეგმება სურამის ტერიტორიაზე, ბაიანთხევის უბანში საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს გახსნა, მიმდინარეობს სამუშაოები — ჯერჯერობით მე არ დავასახელებ ბრენდს,თუმცა ეს იქნება ძალიან მასშტაბური და დიდი პროექტი.

სოციალური პროექტები, სპორტი და ახალგაზრდობა

  • ძალიან მოსაწონი და საინტერესოა, რომ აქცენტს აკეთებთ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, თუმცა, აქვე დავძენ, რომ მუნიციპალიტეტის განვითარება მხოლოდ გზებით, შენობებითა და ინფრასტრუქტურით არ იზომება. მნიშვნელოვანია, როგორი გარემო იქმნება ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისთვის, ხანდაზმულებისა და სოციალური საჭიროებების მქონე ადამიანებისთვის. როგორ შეაფასებდით ხაშურის მუნიციპალიტეტში სოციალური დახმარების პროგრამების დღევანდელ მდგომარეობას? რომელ ჯგუფებს სჭირდებათ დამატებითი მხარდაჭერა?
  • სოციალური დახმარების პროგრამებს რაც შეეხება, ხაშურის მუნიციპალიტეტი გამოირჩევა მასშტაბურობით, სხვა მუნიციპალიტეტებისგან. მაგალითად, ჩვენთან თითქმის ყველა მკვიდრს, ვინც არის რეგისტრირებული ხაშურში, ვეხმარებით სხვადასხვა სამედიცინო კვლევების, სამედიცინო პროცედურების დაფინანსებაში, განურჩევლად სოციალური სტატუსისა.  ჩვენ მომავალი წლისთვის უკვე ვგეგმავთ, რომ დაახლოებით 40%-ით გავზარდოთ სოციალური დახმარებების ბიუჯეტი. ასევე ვაპირებთ ახალი პროგრამების დამატებასაც, რომლებიც ბავშვებს შეეხება და ამასთან დაკავშირებით ძალიან მალე გახდება ცნობილი ხაშურის მოსახლეობისთვის. შესაძლებელია უკვე წელსაც დავიწყოთ ეს — ძალიან კარგი პროექტი გვექნება, რომელიც სკოლამდელი და პირველ-მეორე კლასელი ბავშვების სამედიცინო მომსახურებაზე იქნება ორიენტირებული. რაც შეეხება ახალგაზრდობას და ახალგაზრდებს, ჩვენ გვაქვს საკმაოდ ძლიერი სპორტსკოლა, სადაც დაახლოებით 1400 ბავშვი ვარჯიშობს სხვადასხვა წრეზე. ეს მხოლოდ ქალაქ ხაშურის მოსახლეობას არ ეხება, ეხება სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებსაც და, რა თქმა უნდა, უფასოა. ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი სპორტსმენები, ძლიერი ჩემპიონები, მაგალითისთვის ლუკა მაისურაძეც კმარა და კიდევ ბევრი სხვა, მათ შორის — ვეტერანებშიც. ჩვენ ვგეგმავთ, რომ წელს უკვე დავიწყოთ სოფელ ალში სპორტული დარბაზის სრული რეაბილიტაცია. ამჟამად მიმდინარეობს გორგასლის ქუჩაზე მდებარე ფეხბურთის სტადიონის სრული რეაბილიტაცია, სადაც ტექნიკური ბაზა იქნება ყველა ინფრასტრუქტურით. გაზაფხულზე დასრულდება სურამის რაგბის სტადიონის მშენებლობა, ასევე ზემო სერზე იგეგმება ორსტადიონიანი რაგბის ტექნიკური ბაზის მოწყობა. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის — ხაშურის მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა, რომელიც იქნება 1000 მაყურებელზე გათვლილი, ეს იქნება დაახლოებით 2 ჰექტარ-ნახევარ ტერიტორიაზე გაშენებული მულტიფუნქციური დახურული სპორტული კომპლექსი, სადაც იქნება საცურაო აუზები, სტადიონები, სხვადასხვა დარბაზები, წრეები…

  • რამდენი ხანი დასჭირდება ამას?
  •  სამუშაოები უკვე დაწყებულია პროექტირებაზე, მომავალ წელს უკვე წესით მშენებლობაც უნდა დაიწყოს… ტენდერი უკვე გამოცხადებულია. ანუ, მე რაც ჩამოვთვალე, ამ ყველაფერზე უკვე მუშაობა დაწყებულია. ზოგი ტენდერი დასრულებულია და სამუშაოების დაწყებას ველოდებით, ზოგგან მიმდინარე ტენდერია, ზოგგან პროექტირება მიმდინარეობს. ეს პროექტები აუცილებლად დასრულდება და ძალიან ბევრი საინტერესო ლოკაცია შეემატება ჩვენს ქალაქს.
  • როგორ უზრუნველყოფთ, რომ მუნიციპალიტეტის სოფლების საჭიროებები ქალაქის პრობლემების ფონზე არ დაიკარგოს?
  • მე აღვნიშნე, რომ მაგალითად, ალში ჩვენ ვაპირებთ, სპორტული კომპლექსის სრული რეაბილიტაციის განხორციელებას, სადაც მიმდებარე —  ჭერათხევის ხეობაში არსებული სოფლების ბავშვები ივარჯიშებენ. ასევე ჩვენ გვაქვს კლუბები, მაგალითად გვაქვს ქვიშხეთში კულტურის სახლი, სადაც სხვადასხვა უფასო წრეები ფუნქციონირებს მიმდებარე სოფლების და ქვიშხეთში მცხოვრები ბავშვებისთვის. ჩვენ ვაპირებთ ერთ-ერთ ადმინისტრაციულ ცენტრში, წინასწარ არ დავასახელებ, ბიბლიოთეკის გახსნასაც. ასევე ვგეგმავთ რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში საჭიდაო მოედნების მოწყობას, მათ შორის ხაშურშიც ქართული ჭიდაობის მოედნების მოწყობას. ვაფინანსებთ გარკვეულ ჯგუფებს, ბავშვებს — ვუფინანსებთ ტრანსპორტირებას, რომ მათ იარონ ხაშურში სპორტსკოლაში თავისი სოფლებიდან სრულიად უსასყიდლოდ და ივარჯიშონ ხაშურის სპორტსკოლაში. ამაშიც, რა თქმა უნდა, ვეხმარებით. ხელს ვუწყობთ ყველანაირად, რომ ახალგაზრდობამ მიიღოს ეს ყველა, ასე ვთქვათ, ბენეფიტი.

მოქალაქეებთან ურთიერთობა და სამომავლო ხედვა

  • მერის საქმიანობა საბოლოოდ კონკრეტული შედეგებით ფასდება. რომელი სამი მაჩვენებლით უნდა შეაფასოს საზოგადოებამ თქვენი მუშაობა და რა პასუხისმგებლობას იღებთ იმ შემთხვევაში, თუ დაგეგმილი პროექტების განხორციელება ვერ მოხერხდება ან მნიშვნელოვნად შეფერხდება?რა არის ის ერთი ეკონომიკური ცვლილება, რომლის მიღწევაც თქვენი მერობის პერიოდში განსაკუთრებით გსურთ?
  • კეთილი. რაც შეეხება სამ კრიტერიუმს, რითიც შეიძლება ჩემი საქმიანობა შეაფასოს მოსახლეობამ, რა თქმა უნდა, ეს არის მათ ცხოვრების დონის ამაღლება. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე, ასე ვთქვათ, დიდი მაჩვენებელი. იმიტომ, რომ მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება დამოკიდებულია გამართულ წყლის სისტემაზე, გამართულ საკანალიზაციო სისტემაზე, გამართულ სატრანსპორტო სისტემაზე და საგზაო ინფრასტრუქტურაზე — ეს იქნება მათ ცხოვრების დონის, ასე ვთქვათ, კომფორტის განმსაზღვრელი და ძირითადად მოსახლეობა, როგორც წესი, მერის საქმიანობას ამითი აფასებს.

    ასევე განმსაზღვრელი ჩემი წარმატებისა, ალბათ, იქნება ჩემი სახელი — მე როგორ დავრჩები ხაშურის მოსახლეობის მეხსიერებაში. შესაძლებელია, ვერ დავტოვო, პირობითად, ისეთი  მასშტაბური პროექტები განხორციელებული,როგორიც მე მინდა, ვთქვათ, ჩემი ვადის გასვლისთვის, თუმცა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უბრალოდ, ხაშურლების მეხსიერებაში დავრჩე, როგორც კარგი ადამიანი.
  • სწორედ ეს მინდოდა მეკითხა დასასრულისკენ: რას ისურვებდით, რომ ხაშურლებმა თქვენზე თქვან არა დღეს, როგორც მოქმედ მერზე, არამედ წლების შემდეგ, როდესაც ამ თანამდებობაზე აღარ იქნებით?
  • ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემი სახელი დარჩეს… როცა ამ თანამდებობაზე აღარ ვიქნები, სურვილი მექნება, ჩემზე თქვან, რომ პაატა ჩადუნელმა ბევრი კარგი საქმე გააკეთა. და ყველაზე დიდი შეფასება ჩემთვის იქნება, ალბათ ის, რომ როდესაც ჩემი შვილები, ჩემი შვილიშვილები ხაშურის ქუჩებში გაივლიან, მათ მოსახლეობამ უთხრას, რომ აი თქვენ გყავდათ კარგი მამა, რომელიც ზრუნავდა თავის მუნიციპალიტეტზე. ეს იქნება ყველაზე დიდი გამარჯვება, ჩემი აზრით. ჩემთვის ყველაზე კარგი შეფასება იქნება ეს, იმიტომ, რომ მაქსიმალურად ვცდილობ, არამარტო საქმე გავაკეთო,არამედ ადამიანებს დავამახსოვრდე, როგორც უბრალოდ ადამიანი, კომუნიკაბელური, მეგობრული ადამიანი. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
  • მშვენიერია… და აქვე რომ გვითხრათ,როგორ წარმოგიდგენიათ ხაშური ათი წლის შემდეგ?
  •  ხაშური 10 წლის შემდეგ მე წარმომიდგენია ინფრასტრუქტურულად გამართული, ტურისტულად ძალიან მიმზიდველი და ეკონომიკურად მინიმუმ ორჯერ უფრო გაზრდილი მუნიციპალიტეტი!
  • არაჩვეულებრივია! წარმატებებს გისურვებთ ხაშურელებთან ერთად. და ბოლოს, რას ეტყოდით ამ წუთას ხაშურელებს, თქვენს ამომრჩეველს ?
  • სიამოვნებით გამოვიყენებ ამ შანსს და ხაშურის მოსახლეობას, პირველ რიგში, ბოდიშს მოვუხდიდი იმ დისკომფორტის გამო, რასაც ისინი განიცდიან ყოველდღიურად იმ სამუშაოების გამო, რაც მიმდინარეობს ქალაქ ხაშურში. ასევე, ძალიან დიდ მადლობას გადავუხდი მათ მოთმინებისთვის და გაგებისთვის. ხედავენ ეს ადამიანები, რომ ყველაფერს ვაკეთებთ მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების დასაძლევად და გვერდში გვიდგანან და მხარს გვიჭერენ. ეს ძალიან დასაფასებელია, რა თქმა უნდა, და ყველა ხაშურელს, ხაშურის მუნიციპალიტეტის ყველა მცხოვრებს უდიდეს მადლობას ვუხდი  იმისთვის, რომ მათ ესმით ჩვენი.

წარმატებებს გისურვებთ, ბატონო პაატა!

ნატო გუბელაძე

Share198Tweet124Share50

არქივი

borjominews

borjominews.ge 2020

  • ჩვენ შესახებ
  • დაგვიკავშირდით

No Result
View All Result
  • Home
  • სიახლეები
    • პოლიტიკა
    • ბიზნესი
    • მსოფლიო
  • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • მეცნიერება
  • კულტურა

borjominews.ge 2020