ახალციხის ისტორიულმა ციხემ პროექტის „მესხური კვალი: ქალთა შემოქმედებითი ინიციატივა“ დასკვნით ღონისძიებას — ახალციხელი და ბორჯომელი ხელოვანი ქალების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვას უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერითა და „სამცხე-ჯავახეთის სათემო განვითარების ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართა, ერთ სივრცეში თავი მოუყარა რეგიონში მოღვაწე ახალციხელ და ბორჯომელ ქალ ხელოვანებს, კულტურის სფეროს წარმომადგენლებს.
პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა რეგიონში მოღვაწე ქალი ხელოვანების ეკონომიკურ გაძლიერებას, შემოქმედებითი პოტენციალის წარმოჩენასა და მესხური ტრადიციული ხელსაქმის პოპულარიზაციას, ერთგვარ შემოქმედებით ოჯახად დააკავშირა მონაწილეები.







ემოცია, ჰარმონია და ტრადიცია
რაბათის სივრცეში გამართული გამოფენა მხოლოდ ნამუშევრების ექსპოზიცია არ ყოფილა — ეს იყო ადამიანური სითბოთი, გულწრფელი ღიმილებითა და თბილი შეხვედრებით სავსე დღე. როგორც მონაწილეები აღნიშნავენ, პროექტმა მათ მისცა ერთმანეთის აღმოჩენის, გამოცდილების გაზიარებისა და საკუთარი შესაძლებლობების ახალი გზებით წარმოჩენის შესაძლებლობა.
გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი იყო ადგილობრივი ხელოვანების მიერ შექმნილი უნიკალური სახელოვნებო პროდუქცია, როგორც ტრადიციული მესხური ორნამენტებით გაფორმებული ნიმუშები, ისე — მხატვრული ტილოები და თექის ნამუშევრები. გამოფენის ერთ-ერთი მონაწილე, პროექტის კოორდინატორი ვიკა ჩოგოვაძე ამავდროულად გახლავთ ახალდაბის ახალგაზრდული მულტიფუნქციური ცენტრის “თექის კლუბის” ხელმძღვანელი და თავის ნამუშევრებთან ერთად, მისივე მოსწავლეების ექსპოზიციაც წარუდგინა დამთვალიერებელს.


„ეს არ იყო მხოლოდ გამოფენა. ეს იყო სიყვარულით დაწყებული და ადამიანური სითბოთი გაგრძელებული ლამაზი ისტორიის ახალი დასაწყისი. კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ტრადიცია მაშინ ცოცხლობს, როცა მას ახალი თაობა, ახალი იდეები და მოსიყვარულე ადამიანები აგრძელებენ,“ — გვიზიარებენ თავის აზრს პროექტის მონაწილეები.
გამოფენამ დიდი ინტერესი გამოიწვია როგორც ადგილობრივ მოსახლეობაში, ისე ახალციხის ციხეზე მყოფ ქართველ და უცხოელ ტურისტებში, რომლებმაც დიდი მოწონებითა და ინტერესით დაათვალიერეს ხელოვანი ქალების ნამუშევრები.
ღონისძიებას ოფიციალური პირებიც ესწრებოდნენ. გამოფენის მონაწილეებსა და სტუმრებს შორის იყვნენ ახალციხის მერიის წარმომადგენელი თამარ მღებრიშვილი და საქართველოს პარლამენტის სამცხე-ჯავახეთის დელეგატის, ანტონ ობოლაშვილის წარმომადგენელი ახალციხეში მზია თამარაშვილი. მოწვეული სტუმრების მონაწილეობით, პროექტის წარმატებულ მონაწილე ქალბატონებს სპეციალური სერტიფიკატები და სამახსოვრო კატალოგები გადაეცათ, რაც მათ შემოქმედებით გზაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წახალისება გახდა.




ღონისძიებას განსაკუთრებული ხიბლი და მუსიკალური განწყობა შესძინა პროექტის მონაწილე ბორჯომელი მევიოლინე ქალბატონის, თეა მანჩხაშვილის შესრულებამ, რომელმაც გამოფენის ატმოსფერო კიდევ უფრო თბილი და დასამახსოვრებელი გახადა.



მონაწილეებმა მადლიერება გამოხატეს იმ ადამიანებისა და ორგანიზაციების მიმართ, რომელთა ჩართულობითაც ინიციატივამ წარმატებით ჩაიარა:
- კულტურის სამინისტროს სსიპ „შემოქმედებითი საქართველო“ — მნიშვნელოვანი ფინანსური და ინსტიტუციური მხარდაჭერისთვის.
- პროექტის სულისჩამდგმელისა და იდეის ავტორის, ნატო 9გულიზა) გუბელაძის მიმართ — ადამიანებს შორის ხიდების გავლისა და შემოქმედებისთვის ახალი სივრცეების შექმნისთვის (მათ შორის, განსაკუთრებული სამახსოვრო კატალოგებისთვის, რომლებმაც ეს შემოქმედებითი გზა უკვდავყო).
- ახალციხის სამხატვრო სკოლის დირექტორის, ნანა ნათენაძის, „ახალციხის ციხის“ დირექტორის, ზაზა თამარაშვილისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის — მნიშვნელოვანი ორგანიზაციული მხარდაჭერისთვის.
- მედიაპარტნიორების, მათ შორის გაზეთ „ბორჯომი News“-ისა და რეგიონული მედიასაშუალებების მიმართ, რომლებიც აქტიურად აშუქებდნენ პროექტის ყველა ეტაპს.



პროექტი დასრულდა, „მესხური კვალი“ კი გრძელდება
როგორც დასკვნით ღონისძიებაზე აღინიშნა, პროექტის ყველაზე დიდი მონაპოვარი მხოლოდ შექმნილი ნივთები და გამოფენილი ნამუშევრები არ არის. მისი ნამდვილი ღირებულება ადამიანებშია — გაჩენილ მეგობრობაში, გაზიარებულ სიხარულსა და იმ უხილავ კავშირებში, რომლებიც დროს უძლებს.
პროექტი დასრულდა, მაგრამ „მესხური კვალი“ დარჩა — დარჩა თითოეულ ნამუშევარში, მოგონებაში, ერთმანეთის გულებსა და იმ სიყვარულში, რომელმაც ორი ქალაქი და მრავალი შემოქმედებითი ადამიანი ერთ დიდ ოჯახად გააერთიანა.


















































