ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა გელაშვილი, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილესთან დავით მუმლაძესთან, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ფერაძესთან, მოადგილეებთან — ბიბო პაპიძესთან, გელა მაღრაძესთან, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან ხათუნა ხარაზიშვილთან და ბორჯომის საჯარო სკოლების პირველკლასელებთან ერთად, პროგრამა „ჩემი პირველი ნერგის“ ფარგლებში გამწვანების ღონისძიებაში მონაწილეობდა.
აქციის ფარგლებში ხის ნერგები საჯარო სკოლების მიმდებარე ტერიტორიასა და სანაპირო სკვერში დაირგო.
პროგრამა „ჩემი პირველი ნერგი“ საქართველოს მთავრობის ინიციატივით ხორციელდება. მისი მიზანია ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით ხელი შეუწყოს ტყეებისა და მწვანე სივრცეების აღდგენასა და გაფართოებას, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებასა და ბუნებისადმი მზრუნველი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.
პროგრამის განხორციელებაში ჩართულნი არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები და მუნიციპალიტეტები.















































