ბორჯომის მერიის დაფინანსებით „სამცხე-ჯავახეთის სათემო განვითარების ცენტრი“, მედიაკაფე “ლუტრეზი”-სთან პარტნიორობით, კვლავ აგრძელებს ახალდაბის ახალგაზრდულ მულტიფუნქციურ ცენტრში ინგლისურისა და ხელოვნების კლუბების საქმიანობას.
ამჯერად სამი თვის მანძილზე ადგილობრივი ახალგაზრდები პროფესიონალ პედაგოგებთან მუშაობით გაიუმჯობესებენ ინგლისურის დონეს, დაეუფლებიან თექაზე მუშაობის ტექნიკას და შეისწავლიან კლასიკურ გიტარაზე დაკვრას.
ინგლისურის კლუბს ხელმძღვანელობს ახალდაბის საჯარო სკოლის პედაგოგი თამუნა დემეტრაშვილი, თექის მასტერ-კლასებს წარმართავს ხელოვნებათმცოდნე,სოფელ ციხისჯვარის ხელოვნების პედაგოგი, ვიკა ჩოგოვაძე, ხოლო კლასიკური გიტარის შემსწავლელ კურს გაუძღვება კვარტეტ “მაისი”-ს და “ქუთაისური ტრიო”-ს სოლისტი ნიკა ნუცუბიძე.


კურსის ბოლოს მოეწყობა ტრადიციულად თექის ნამუშევრების გამოფენა, ასევე — ინგლისურის კლუბის და გიტარის წრის მონაწილეთა შემაჯამებელი გაკვეთილები, სამივე კურსის მოსწავლეები მიიღებენ სერტიფიკატებს.
«სამცხე-ჯავახეთის სათემო განვითარების ცენტრი»-სა და ახალდაბის მედიაკაფე «ლუტრეზი»-ს ხელმძღვანელი, ქალბატონი ნატო გუბელაძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს: «უპირველესად, ახალდაბელი მოსწავლეებისა და ახალგაზრდების, ასევე — მათი მშობლების სახელით ძალიან დიდ მადლიერებას გამოვხატავთ ბორჯომის თვითმმართველობისა და ქალაქის მერის მიმართ, რომ შარშან დაფუძნებული » ახალდაბის მულტიფუნქციური ცენტრი»-ს საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა მოგვეცა და ახალგაზრდებს კვლავ აქვთ საშუალება, უფასოდ გაიღრმავონ ცოდნა ინგლისურ ენაში, აითვისონ თექაზე მუშაობის ტექნიკა, შეისწავლონ კლასიკურ გიტარაზე დაკვრა.
ინტერესი ძალიან დიდია და, სამწუხაროდ, ყველა მსურველი ამ ეტაპზე ვერ მოხვდა ჯგუფებში, თუმცა, იმედი გვაქვს, რომ ბორჯომის მერია ახალგაზრდების ინტერესების გათვალისწინებით საზაფხულო კურსების ორგანიზებაშიც დაგვიჭერს მხარს.
ინგლისურის კლუბისა და თექის ჯგუფის პირველი მეცადინეობები უკვე ჩატარდა ახალდაბის მედიაკაფე “ლუტრეზი”-ში და გთავაზობთ შესაბამის ფოტო-ქრონიკას. აპრილის მეორე ნახევრიდან გიტარის შემსწავლელი წრეც ამოქმედდება.











სტატია მოამზადა მარიკა ყაულაშვილმა
პროექტის კოორდინატორი, ახალდაბის საჯარო სკოლის ისტორიის და სამოქალაქო განათლების პედაგოგი






































