ახალციხის ციხეზე მეცნიერების რეგიონული ფესტივალი გაიმართა, რომელსაც სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები — ვახტანგ მერაბიშვილი და სერგი მუშკუდიანი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია და საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილი დაესწრნენ.
ფესტივალი საგამოფენო და ინტერაქციული სივრცეების გახსნით დაიწყო. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ მრავალფეროვანი სამეცნიერო პავილიონები, გაცნობოდნენ თანამედროვე კვლევებსა და ინოვაციურ ტექნოლოგიებს, ასევე მონაწილეობა მიეღოთ პრაქტიკულ-საგანმანათლებლო აქტივობებში.
სამეცნიერო ფესტივალი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტები, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები, პროფესორ-მასწავლებლები, მკვლევარები, სტუდენტები და სამცხე-ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები.
ფესტივალის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია, ახალგაზრდებში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისადმი ინტერესის გაღვივება, ინოვაციური მიდგომებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობა, ასევე, საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ვახტანგ თაქთაქიძე, მხარის მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოების თავმჯდომარეები, საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების წარმომადგენლები.

















































