საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის ინიციატივით, ქვეყნის ყველა რეგიონში იმართება ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ცერემონია.
ამჯერად ბორჯომის მუნიციპალიტეტში გამართულ ცერემონიაზე გიამბობთ, რომელიც ადგილობრივი განათლების რესურსცენტრის ორგანიზებით შედგა.
ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებას დაესწრნენ: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ეკატერინე ხუციშვილი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა გელაშვილი,სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სერგი მუშკუდიანი, ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ფერაძე, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი საბა სამსონიძე, ბორჯომის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ხარაზიშვილი, დეკანოზი იოანე ხეცურიანი და სასკოლო საზოგადოების წევრები.




ღონისძიება ბორჯომის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ხათუნა ხარაზიშვილმა, გახსნა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. მათ პედაგოგებს მრავალწლიანი შრომისთვის მადლობა გადაუხადეს და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.
განსაკუთრებით ემოციური იყო ბორჯომის მერის, ბატონ მამუკა გელაშვილის მილოცვა პედაგოგების მიმართ, რადგან დაჯილდოებულ ღვაწლმოსილ მასწავლებელთა შორის ბატონი მამუკას პედაგოგი, წაღვერის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ქალბატონი დალი თედიაშვილიც გახლდათ და ქალაქის მერმა, მისი ბავშვობისდროინდელი ის თბილი ურთიერთობები გაიხსენა, რაც დალი მასწავლებელთან აკავშირებს დღემდე.


ბორჯომში გამართულ ღონისძიებაზე მადლობის სიგელები გადაეცათ ღვაწლმოსილ პედაგოგებს:
* მარინე რაზმაძეს — ბორჯომის №1 საჯარო სკოლა;
* ასმათი ტაბატაძეს — ბორჯომის №4 საჯარო სკოლა;
* ვაჟა გელაშვილს — ბორჯომის №3 საჯარო სკოლა;
* ლეილა პაპიძეს — ტაძრისის საჯარო სკოლა;
* დალი თედიაშვილს — წაღვერის საჯარო სკოლა.





აღსანიშნავია, რომ ამ საზეიმო ღონისძიების ფარგლებში საკონფერენციო დარბაზის ფოიეში გაიმართა ბორჯომის მერიის დაფინანსებით შექმნილი, ახალდაბის ახალგაზრდული მულტიფუნქციური ცენტრის «თექის კლუბის» (ხელმძღვანელები: ნატო გუბელაძე, ვიკა ჩოგოვაძე) მოსწავლეთა თექის ნამუშევრების გამოფენა, რომელმაც სტუმრების დიდი მოწონება და ინტერესი გამოიწვია.
ამავე დროს სასკოლო საზოგადოებისა და მოწვეული სტუმრების საზეიმო განწყობის შექმნაზე იზრუნეს: ბორჯომის მუსიკალური სკოლის წარმომადგენლებმა, ანსამბლებმა — «ბორჯომი», «ოქტავა» და არაჩვეულებრივმა მევიოლინე ქალბატონმა, თეა მანჩხაშვილმა.















































