ფონდი ტასოს დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ახალდაბელი ახალგაზრდებისთვის გამართული პროფესიული ორიენტაციისა და კარიერული დაგეგმვის კურსზე, თეორიულ ნაწილთან ერთად, დაიგეგმა თემატური ექსკურსია დედაქალაქში. ახალგაზრდები ესტუმრნენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს.
შეხვედრა ორგანიზებული იყო ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების მიერ.
ახალდაბის სკოლის მოსწავლებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის მე-3, მე-4 და ადმინისტრაციული კორპუსები.
შეხვდენენ ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ფიზიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პროფესორ მიშა ჩიხლაძეს, დაათვალიერეს საინჟინრო დეპარტამეტის მოდელირების ცენტრი და მოისმინეს პროფესორ დავით სონღულაშვილის საინტერესო ლექცია და მასტერკლასი. შეხვედრა ძალიან საინტერესო და სახალისოც იყო, ბავშვები თავადაც ჩაერთვნენ ფიზიკის სხვადასხვა ექსპერიმენტებში.
ასევე შეხვდენენ სამთო გეოლოგიის ფაკულტეტის გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პროფესორ ნოდარ ფოფორაძეს. დაათვალიერეს ფაკულტეტის ორი მუზეუმი და მოისმინეს უნივერსიტეტის პროფესორის, შალვა კელეპრტიშვილის ლექცია მუზეუმის ისტორიასთან დაკავშირებით.
ბოლოს, მოსწავლეებს შეხვდა ვიცე რექტორი, პროფესორი, ქალბატონი თამარ წერეთელი. რომელმაც ისაუბრა როგორც საუნივერსიტეტო (საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო), ისე — პროფესიული პროგრამების მრავალფეროვნებასა და აქტუალურობაზე. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და სამახსოვრო საჩუქრებით დასრულდა.
„თქვენ შორის ვხედავ ახალგაზრდა ადამიანებს, რომლებმაც უკვე დაგეგმეს საკუთარი მომავალი. ამ გზის დაწყება მნიშვნელოვანია სწორედ აქ და ახლა — გარემოში, სადაც თქვენი ინტერესები შეიძლება, გადაიზარდოს სიღრმისეულ ცოდნაში, პრაქტიკულ გამოცდილებასა და წარმატებაში. სწორედ ასეთ შესაძლებლობებს გთავაზობთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი! თქვენი სტუმრობა ჩვენთვის უდიდესი პატივი და ამავდროულად პასუხისმგებლობაა. დღეს, როდესაც იწყებთ ფიქრს პროფესიულ გზაზე, მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ თქვენ გვერდით დგას უნივერსიტეტი, რომელიც მზად არის იყოს, თქვენი მხარდაჭერისა და განვითარების პლატფორმა“, — ასე მიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა უნივერსიტეტში სტუმრად მყოფ ახალდაბელ მოსწავლეებს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აქტიურად განაგრძობს ახალი თაობის განათლებისა და პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობას.
„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებს დავანახოთ, თუ რა შესაძლებლობებს სთავაზობს მათ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. მოსწავლეებს ჰქონდათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ უნივერსიტეტში მოქმედ საგანმანათლებლო პროგრამებისა და ფაკულტეტების სპეციფიკას. გარდა ამისა, ჩვენი უნივერსიტეტი მომავალ თაობებს საშუალებას აძლევს, ჩაერთონ საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში, ითანამშრომლონ სხვა ქვეყნების სტუდენტებთან და აკადემიურ წრეებთან, რაც წარმატებისთვის აუცილებელია. უშუალო კომუნიკაცია მოსწავლეებთან და მათი აქტიური ჩართვა უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებში, იქნება ეს ლაბორატორიული ვიზიტები, პროფესორებთან ურთიერთობა, სტუდენტურ აქტივობებზე დაკვირვება თუ თანამედროვე ტექნოლოგიებთან შეხება, ახალგაზრდებს რეალურ წარმოდგენას უქმნის იმ გარემოზე, სადაც მომავალში შეიძლება თავიანთი სტუდენტობა გაატარონ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ყველაზე დიდი უპირატესობა არის ის, რომ ჩვენი კურსდამთავრებულები მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტებად არიან აღიარებულნი როგორც საქართველოში, ასევე, საერთაშორისო ასპარეზზე. დღეს, მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების გარკვეულ ნაწილში ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები მუშაობენ. მადლობა მინდა გადავუხადო უნივერსიტეტის კარიერული განვითარების განყოფილებას, „სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის განვითარების ინსტიტუტს», ახალდაბის მედიაკაფე «ლუტრეზი»-ს და „ფონდ ტასოს” ღონისძიების ორგანიზებისთვის”, — აცხადებს თამარ წერეთელი.
სტუ-ის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელის, ასოცირებული პროფესორის, ნატო ქათამაძის განცხადებით, გაცნობითი ხასიათის ღონისძიებები ახალგაზრდებს ეხმარება საკუთარი ინტერესების, უნარებისა და მიზნების სწორად იდენტიფიცირებაში.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გამორჩეულია იმით, რომ მაღალი ხარისხის განათლებასთან ერთად ახალგაზრდებს სთავაზობს მჭიდრო კავშირს დარგში მოღვაწე სამთავრობო თუ კერძო სექტორთან. უნივერსიტეტში მოქმედებს კარიერული განვითარების განყოფილება, რომელიც აქტიურად მუშაობს სტუდენტების სამეწარმეო სექტორთან, საინჟინრო კომპანიებთან, ტექნოლოგიურ სტარტაპებთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან დაკავშირებაზე. ჩვენი სტუდენტები ადრეულ კურსებზე იწყებენ სტაჟირებას პარტნიორ ორგანიზაციებში და ხშირად სწორედ იქ აგრძელებენ მუშაობას, უკვე კურსდამთავრებულის სტატუსით. ჩვენთან, ასევე, ფუნქციონირებს პროფესიული განვითარების ცენტრი, სადაც მიმდინარეობს ტრენინგები, სემინარები, კარიერული ფორუმები, ინდივიდუალური კონსულტაციები და სხვა უამრავი ღონისძიება, რაც სტუდენტებს ეხმარება პიროვნულ განვითარებაში და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებაში“, — აცხადებს ნატო ქათამაძე.
შეხვედრის ბოლოს ვიცე-რექტორმა სკოლის მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა _ სტუ-ს ჩანთები და საცნობარო ლიტერატურა.












































