„სამცხე-ჯავახეთის სათემო განვითარების ცენტრის“ ორგანიზებითა და კულტურის სამინისტროს სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით, პროექტ „მესხური კვალი — ქალთა შემოქმედებითი ინიციატივის“ ფარგლებში, ახალდაბაში, ფოთოლეთის მამათა მონასტრის ულამაზეს გარემოში, ახალციხელი და ბორჯომელი ხელოვანი ქალების შემოქმედებითი პლენერი გაიმართა.
ფოთოლეთში მსგავსი მასშტაბის შემოქმედებითი პლენერი პირველად ჩატარდა — ფოთოლეთის ისტორიული ტაძარი და მისი უნიკალური ბუნება ქართველი მხატვრების ტილოებსა და შემოქმედებაში პირველად აისახა. ღონისძიებამ ერთ სივრცეში გააერთიანა სხვადასხვა მიმართულების ხელოვანები, რომელთაც შესაძლებლობა ჰქონდათ, შთამბეჭდავ გარემოში ემუშავათ, გაეზიარებინათ გამოცდილება და შეექმნათ ახალი, გამორჩეული ნამუშევრები.
სიამაყით გიზიარებთ ამ ისტორიული პლენერის მონაწილე ხელოვან ქალბატონებს: ბორჯომიდან — ნინო კევლიშვილი, მარი მიქაძე; ახალდაბიდან — ვიკა ჩოგოვაძე, ბარბი თოდაძე, მარიკა ყაულაშვილი; ბაკურიანიდან — ლალი ჯეირანაშვილი, ყვიბისიდან — თეა მანჩხაშვილი; ახალციხიდან — ნანა ნათენაძე, ლელა ფერაძე.







ღონისძიება განსაკუთრებულად საინტერესო და ორიგინალური აქტივობებით გამოირჩეოდა: ახალციხის სამხატვრო სკოლის დირექტორმა, ნანა ნათენაძემ, სტუმრებისა და მონაწილეებისათვის თიხის საინტერესო მასტერკლასი გამართა; ხოლო პროექტის მონაწილე ხელოვანმა, ნინო კევლიშვილმა, ქართული ორიგინალური ხელნაწერებით შექმნილი ყაბალახების პრეზენტაცია მოაწყო.




პლენერის წარმატებით განხორციელებასა და ორგანიზებაში უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერა გაგვიწია ბორჯომის საკრებულოში ახალდაბის წარმომადგენელმა, ზურაბ ბლიაძემ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები, ბორჯომის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები: ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გელა მაღრაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გენადი მუმლაძე, იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი თეა კიკაძე და საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, ანტონ ობოლაშვილის ბორჯომის ბიუროს წარმომადგენელი მარიამ სიმონიშვილი.








პლენერის მონაწიელებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ფოთოლეთის ტაძრის მოძღვრის, მამა ლაზარეს დალოცვას და კურთხევას.
პლენერის მონაწილე მხატვარმა ქალბატონმა ახალციხიდან, ლელა ფერაძემ პლენერის დასასრულს აღნიშნა, რომ მის მიერ დახატულ “ფოთოლეთს” სრულყოფილად დასრულების შემდეგ მამა ლაზარეს გადასცემს ტაძრისთვის.

პროექტის მთავარი მიზანი რეგიონში მოღვაწე ქალთა შემოქმედებითი პოტენციალის მხარდაჭერა, მუნიციპალიტეტებს შორის კულტურული კავშირების გაძლიერება და თემთა შორის მჭიდრო თანამშრომლობაა.
ამავე პროექტის ფარგლებში, უახლოეს მომავალში დაგეგმილია ახალციხელი და ბორჯომელ ხელოვანი ქალების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვის ორგანიზება ახალციხის ციხეზე, რაბათში, სადაც ფართო საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა გაეცნოს და შეიძინოს ხელოვანი ქალების მიერ შექმნილი ნამუშევრები.
„სამცხე-ჯავახეთის სათემო განვითარების ცენტრი“ აქტიურად აგრძელებს რეგიონში კულტურული და სათემო ინიციატივების მხარდაჭერას, ქალთა გაძლიერებასა და შემოქმედებითი პლატფორმების შექმნას.
დიდი მადლობა თითოეულ მონაწილესა და მხარდამჭერს ამ ისტორიული და შემოქმედებითი დღის შექმნისთვის!

სტატია მოამზადა ნატო გუბელაძემ






































