მესხური კვალი: როგორ აძლიერებს ახალი ინიციატივა სამცხე-ჯავახეთის ქალ შემოქმედებს
სამცხე-ჯავახეთის რეგიონი ყოველთვის გამოირჩეოდა მდიდარი კულტურული მემკვიდრეობითა და თვითმყოფადი ტრადიციებით. სწორედ ამ მემკვიდრეობის გაცოცხლებას, ადგილობრივი ქალი ხელოვანების გაძლიერებასა და მათ ეკონომიკურ მხარდაჭერას ისახავს მიზნად ახალი, მასშტაბური პროექტი — „მესხური კვალი: ქალთა შემოქმედებითი ინიციატივა“.
პროექტს ახორციელებს „სამცხე-ჯავახეთის სათემო განვითარების ცენტრი“, ხოლო მის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს საქართველოს კულტურის სამინისტროს სსიპ „შემოქმედებითი საქართველო“.

ინიციატივის მთავარი სამიზნე ახალციხისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ხელოვანი ქალები არიან, რომელთა აღმოჩენა, პროფესიული განვითარება და ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა პროექტის უმთავრესი მისიაა.
პირველი ნაბიჯები წარმატებისკენ: პირველი ეტაპი უკვე ჩატარდა!
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საგანმანათლებლო ციკლი აქტიურ ფაზაშია. 4-5 ივლისს ახალდაბის მედიაკაფე «ლუტრეზი»-ში წარმატებით ჩატარდა ტრენინგკურსის — „პერსონალური ბრენდინგი/გაყიდვადი კონტენტი“ პირველი ნაწილი.
სასწავლო პროცესში აქტიურად ჩაერთვნენ ნიჭიერი ხელოვანი ქალბატონები როგორც ახალციხიდან, ისე — ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან. ორდღიან ინტენსიურ სამუშაო სესიებს წარმართავდა მოწვეული სპეციალისტი, პერსონალური ბრენდის მენტორი თამთა ბაინდურაშვილი.



მონაწილეებმა თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობების ფორმატში იმუშავეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა:
- პერსონალური ბრენდინგის როლი და მნიშვნელობა მცირე მეწარმეობისთვის;
- საკუთარი სტარტაპისა და შემოქმედების მიმდინარე მდგომარეობის დიაგნოსტიკა (A წერტილის აუდიტი) და სამომავლო მიზნების დასახვა (B წერტილი);
- მიზნობრივი აუდიტორიის სწორად განსაზღვრა და მასთან კომუნიკაციის ეფექტური მეთოდები;
- უნიკალური პერსონალური სავაჭრო შეთავაზების ჩამოყალიბება და გაყიდვების თანამედროვე ტექნიკები.
ტრენინგის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მენტორის ხელმძღვანელობით მიღებული ცოდნა მათ საკუთარი შემოქმედების ახლებურად დანახვასა და ბიზნესად გარდაქმნაში დაეხმარება.





წინ მეორე ეტაპია: პრაქტიკული ვორქშოფები ახალდაბაში
პროექტით გათვალისწინებული სწავლება ამით არ სრულდება. ხელოვანი ქალბატონებისთვის ტრენინგების მეორე ეტაპი 25-26 ივლისს გაიმართება.
ამჯერადაც საგანმანათლებლო სივრცეს დაბა ახალდაბაში მდებარე მედიაკაფე „ლუტრეზი“ უმასპინძლებს. მეორე ეტაპი მთლიანად პრაქტიკულ უნარებსა და ციფრულ ტექნოლოგიებს დაეთმობა.
საგანმანათლებლო მოდულის დასრულების შემდეგ, პროექტი კიდევ უფრო საინტერესო ეტაპებზე გადავა:
- შემოქმედებითი პლენერი „მესხური პალიტრა“: მოეწყობა გასვლითი სამუშაო სესია რეგიონის ისტორიულ ლოკაციებზე (ბორჯომის ხეობა), სადაც გაიმართება ღია ცის ქვეშ ხატვა და თექის მასტერკლასები.
- ციფრული და ბეჭდური მხარდაჭერა: შეიქმნება სპეციალური სოციალური ჯგუფები, მომზადდება მოკლე ვიდეოჩანახატები თითოეულ მონაწილეზე და გამოიცემა პროექტის მონაწილეთანკატალოგი.
- ფინალური გამოფენა-გაყიდვა: პროექტი დაგვირგვინდება მასშტაბური გამოფენა-გაყიდვით რაბათის ციხეზე, სადაც ფართო საზოგადოება გაეცნობა პროექტის ფარგლებში შექმნილ ბრენდირებულ მესხურ ნამუშევრებს.
- სპეციალური საგაზეთო ჩანართი: პროექტის შედეგების შესახებ საზოგადოება დამატებით შეიტყობს სპეციალური ბეჭდური ჩანართით, რომელიც ადგილობრივი გაზეთის, „ბორჯომი news“-ის მეშვეობით გავრცელდება.
პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციებს პერიოდულად კვლავ შემოგთავაზებთ.








































