ახალდაბელი ახალგაზრდები ფონდი ტასოს მხარდაჭერილი პროექტის „პროფესიული ორიენტაციისა და კარიერული დაგეგმვის სასწავლო კურსი“-ს ფარგლებში ეწვივნენ ცნობილი რესტორატორის, ქალბატონ მერიკო გუბელაძის რესტორანს ,,შავ ლომი“, რომელიც გამორჩეული ადგილია თბილისში, თავისი „სახლური“ კონცეფციით, სასიამოვნო გარემოთი და უგემრიელესი კერძებით.
სწორედ აქ გაიმართა ახალგაზრდების შეხვედრა გასტრონომიული კულტურის მკვლევართან, თავის საქმეში წარმატებულ პროფესიონალ ქალბატონთან, დალილა ცატავასთან.
ქალბატონი დალილა ახალგაზრდებს ესაუბრა იმაზე, თუ როგორ შეძლო, ყოფილიყო წარმატებული. გაუმხილა, რომ წარმატების მთავარი საიდუმლო თავდაუზოგავი სწავლა და შრომაა.
მან ახალგაზრდებს თავისი ისტორია უამბო, თუ როგორ სურდა გალის ცნობილი პროკურორის შვილიშვილს იურისტობა, თუმცა, შემდგომ ერთმა აბსოლუტურად გაუთვალისწინებელმა ფაქტმა, ბაბუას გერმანელ სტუმრებთან შეხვედრამ, გერმანისტიკის ფაკულტეტის არჩევანი გააკეთებინა… ხოლო მოგვიანებით, როცა თავისუფალ უნივერსიტეტში მუშაობდა, მას კახა ბენდუქიძემ კულინარიის აკადემიის მენეჯერობა შესთავაზა და კმაყოფილებით მიიღო ეს გამოწვევა. მას შემდეგ გასტრონომიული კულტურის კვლევა მისი ცხოვრების უპირველეს ნაწილად იქცა.
დღესდღეობით დალილა ცატავას იცნობენ, როგორც საზოგადოებრივ მეცნიერებათა ინსტიტუტის(GIPA)-ს ასოცირებული პროფესორს, საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის პრეზიდენტს, გასტრონომიული კულტურის მკვლევარს,სამეცნიერო მონოგრაფიების ავტორს გასტრონომიული ტურიზმისა და გასტრონომიული კულტურის მიმართულებით, , ღვინის სკოლა „კაბისტონის“ ლექტორს, ღვინისა და კულინარიული ტურიზმის აკადემიის-Wine and Food Tourism Academy, მენტორს, გასტრონომიული კულტურის მიმართულებით სატელევიზიო გადაცემების და რადიო გადაცემების მონაწილესა და მრჩეველს, ერთნიკური მიმართულების ქართული რესტორნების კონსულტანტს,საერთაშორისო ლიტერატურული კონკურსის Pen-“ლიტერას” ლაურეატს და ლიტრატურული პრემია “საბას” ნომინანტს წიგნისთვის “გასტრონომიული სიზმრები”…
ახალგაზრდებთან ერთად ტრაპეზისას ქალბატონმა დალილამ მოკლედ ისაუბრა ჩვენი ქვეყნის გასტრონომიულ კულტურასა და რეგიონული კულინარიის განსხვავებებზე. მთავარი ხაზგასმა კი გახლდათ ის, რომ „გასტრონომია არის ჩვენი ისტორია. ესაა ძალზე ფართო მცნება, დავუშვათ, როგორ ვიკვებებით ჩვენ და რატომ ვიკვებებით ასე. მაგალითად, ერთმანეთთან რატომ არ ვჭამთ მჭადს და ღომს? ფაქტიურად ეს არის რაღაც კერძისთვის განკუთვნილი ორი კომპონენტი, ხომ? ერთიდაიგივეა, უბრალოდ, მჭადი არის გამომცხვარი. და იმერულ კულტურაში ფხალეულს მოყვება ყოველთვის მჭადი, მეგრულ კულტურაში უფრო გვხვდება ღომი.
აბა, გავიხსენოთ, ვეფხისტყაოსანი რა სიუჟეტით იწყება, ნადიმით ხომ? სუფრით, მოლხენით, უამრავჯერაა ნახსენები, რა კერძები იყო სუფრაზე და ა.შ ასეთი უამრავი ლიტერატურაა და ამას ყველაფერს სწავლობს გასტრონომიული კულტურა. ხოლო გასტრონომიულ კულტურაში შედის კულინარია. კულინარია არის, თუ როგორ კეთდება ესა თუ ის კერძი…“
გასტრონომიულ კულტურაზე საუბრისა თუ თავისი გამოცდილების გაზიარების შემდეგ, ქალბატონმა დალილამ პროფესიის არჩევასთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანი რჩევა მისცა ახალგაზრდებს:
„არჩევანის გაკეთება ამ ასაკში ცოტა რთულია, მაგრამ მთავარია, რა მოსწონს და სად გრძნობს თავს თავისუფლად და ბედნიერად. ეს უკვე შეუძლიათ. მაგრამ მე მაინც ვურჩევდი ყველას, რომ როდესაც იქნება, სადაც იქნება, ისწავლონ ხელობა. ეს იქნება კულინარია, ქსოვა, ქარგვა, ზეინკლობა, კერვა, მოდელირება, მაკიაჟის კეთება. ანუ პროფესიული მიმართულებით აუცილებლად უნდა ჰქონდეს დღევანდელ ადამიანს გამოცდილება და რასაკვირველია — აკადემიური ცოდნა, ენების სწავლა, როგორც ევროპული ენების, ასევე ეგზოტიკური ენების სწავლა უკვე ძალიან ტრენდული თემაა და ამაზე მინდა, რომ დაფიქრდნენ. მაგრამ ყველაზე დიდი იარაღი, რაც ყველას და ყველაფერს ამარცხებს, ესაა განათლება, წიგნიერება, სამშობლოს ისტორიის ცოდნა… ანუ, პირველად ეიფელის კოშკი კი არ უნდა ვნახოთ,თუშეთის კესელოები უნდა ვნახოთ, სვანეთის კოშკები თუ მაღალმთიანი აჭარა და სხვა მშობლიური ღირსშესანიშნაობები უნდა ვნახოთ…“
დასასრულს ქალბატონმა დალილამ შეხვედრის მონაწილეებს საჩუქრად გადასცა თავისი წიგნი ,, გასტრონომიული სიზმრები’’ საკუთარი ავტოგრაფით.
ეს კი ის წიგნია, რომელიც ნამდვილად არ უნდა გამოგრჩეთ, რომ გაიგოთ, როგორია საქართველოს, ამ უძველესი ქვეყნის, ხორბლის, ღვინის, თაფლისა და ყველის სამშობლოს მთავარი გემო. იქნებ საიდუმლო მითიურ კოლხეთშია? იქნებ პირიქით, აწმყოში, თანამედროვე გემოების წაკითხვაში?
ეს არის წიგნი, რომელიც ერთდროულად გასტრონომიული თუ ეთნოგრაფიული კვლევაა, თან — კულინარიული პროზა, თან ყველაზე მტკივნეული მოგონებების საცავი? ამ წიგნით ამოხსნით ჩვენი ქვეყნის რიტუალების მაგიური გემოს და უხსოვარ წარსულში დაფლულ კულინარიულ საიდუმლოს.
გვეამაყება ნამდვილად, რომ ახალდაბის მედიაკაფის ბიბლიოთეკაში უკვე გვაქვს დალილა ცატავას „გასტრონომიული სიზმრები“ ავტორის ავტოგრაფით!













































