ბორჯომის მუნიციპალიტეტის დადგენილებით, 2026 წლიდან სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზარდა. ცვლილება 12 პროგრამას შეეხო და ითვალისწინებს, როგორც გარკვეულ კატეგორიებზე დაფინანსების გაზრდას, ასევე პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების რაოდენობის გაფართოებას.
„ჩემო ძვირფასო ბორჯომელებო, მოგახსენებთ, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ძირითადი ნაწილი მიმართულია ჩვენი მოსახლეობის სოციალური საჭიროებების უზრუნველყოფისაკენ. ვახორციელებთ 25 მუნიციპალურ პროგრამას, პროგრამის მოსარგებლეები არიან განცხადების მომართვამდე არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები შშმ პირები, სოციალურად დაუცველი პირები, მრავალშვილიანი ოჯახები, ახალშობილები და სხვა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბენეფიციარები. დათქმა რეგისტრაციასთან დაკავშირებით საგამონაკლისო წესით ვრცელდება, მრავალშვილიანი ოჯახების, (ერთი თვის რეგისტრაცია), ახალშობილების (ექვსი თვის რეგისტრაცია) და 18 წლამდე შშმ პირების დახმარების პროგრამაზე (ერთი თვის რეგისტრაცია) «, — განაცხადა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა გელაშვილმა.
პროგრამის ძირითადი ცვლილებებია:
1. სტაციონარული სამედიცინო მომსახურება
პროგრამა ითვალისწინებს ოპერაციის, სტაციონარული მკურნალობის და კვლევების დაფინანსებას.
სოციალურად დაუცველი მოქალაქეები წელიწადში ორჯერ დაფინანსდებიან:
160000-მდე სარეიტინგო ქულა — 5000 ლარი
160000-200000-მდე სარეიტინგო ქულა — 3000 ლარი
მოქალაქეები, რომლებიც არ არიან სოციალურად დაუცველები დაფინანსება 2000 ლარიდან 2500 ლარამდე გაეზარდათ (წელიწადში ორჯერ).
სტაციონარული პროგრამის დაფინანსებით ისარგებლებენ შშმ ვეტერანები და მათი ოჯახის წევრები.
2. ახალშობილთა დახმარება
ყოველთვიური დახმარება 200 ლარიდან 300 ლარამდე გაიზარდა. გაიცემა ბავშვის 4 წლის ასაკის ჩათვლით.
3. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება
სოციალურად დაუცველი ოჯახები (160 000-მდე ქულა), 250 ლარის ნაცვლად 400 ლარს მიიღებენ.
ყოველ მომდევნო შვილზე დაემატებათ 100 ლარი.
ხოლო, ის ოჯახები რომლებიც არ არიან რეგისტრირებული სოციალურად დაუცველთა ბაზაში, ყოველთვიურად 200 ლარის ნაცვლად მიიღებენ 300 ლარს.
ასევე, ყოველთვიურად 400 ლარით დაფინანსდებიან სამშვილიანი ოჯახები, რომელთა ერთ ბავშვს აქვს შშმ პირის სტატუსი.
4. მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა
ნებისმიერ მოქალაქე, რომელსაც უფიქსირდება სტაციონარში წოლა, მედიკამენტების შესაძენად 200 ლარის ნაცვლად 300 ლარით დაფინანსდება.
დიალიზზე მყოფი მოქალაქეები ყოველთვიურად 100 ლარის ნაცვლად 200 ლარით დაფინანსდებიან.
კვარტალში ერთხელ, 300 ლარით, მედიკამენტების შესაძენად დაფინანსდებიან ის პირები რომელთაც მინიჭებული აქვთ — შშმ სტატუსი ენცეფალოპათიის, ასევე, აქვთ დიაგნოზი პარკინსონის კანკალა რიგიდული ფორმა და 18 წლამდე ეპილეფსიის მქონე პაციენტები.
ასევე, 300 ლარით დაფინანსდებიან ის ბენეფიციარები, რომლებიც იმყოფებიან მუდმივმწოლიარე მდგომარეობაში.
კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი თითოეული ბავშვი ერთჯერადად დაფინანსდება 300 ლარით.
სოციალურად დაუცველ პენსიონერები — 300 ლარით.
ერთჯერადად 500 ლარით დაფინანსდებიან შშმ ვეტერანები და მათი ოჯახის წევრები.
5. ახალდაქორწინებულთა პროგრამის ფარგლებში, ერთჯერადი დახმარება 300 ლარიდან 500 ლარამდე გაიზარდა.
6. 18 წლამდე ასაკის შშმ პირების ყოველთვიური დახმარება — 300 ლარი.
7. 100 წელს გადაცილებული მოქალაქეების ყოველთვიური დაფინანსება 200 ლარიდან 500 ლარამდე გაიზარდა.
8. ,,დედის დღე»- 3 მარტი
ერთჯერადი დახმარების პროგრამით ისარგებლებენ მარტოხელა მშობლები, 18 წლამდე შშმ ბავშვიანი ოჯახები და მრავალშვილიანი დედები.
9. მარტოხელა მშობლების ყოველთვიური დახმარება
100 ლარის ნაცვლად 200 ლარი იქნება.
10. ყოველთვიური კომუნალური სუბსიდირებით ისარგებლებენ 18 წლამდე შშმ პირების და (განურჩევლად სოციალური ქულებისა) მრავალშვილიანი ოჯახები, ასევე მარტოხელა მშობლები.
თანხა 60 ლარდან 80 ლარამდე გაიზარდა.
11. ცელიაკიის დიაგნოზის (ქრონიკული აუტოიმუნური დაავადება) მქონე პაციენტების დაფინანსება ყოველთვიურად 150 ლარის ნაცვლად 200 ლარი იქნება.
12. ონკოლოგიური პაციენტების დახმარების წლიური ლიმიტი 2500 ლარიდან 3500 ლარამდე გაიზარდა.






































