სამცხე-ჯავახეთში ახალი, რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტების მშენებლობისთვის ტერიტორიების შერჩევის საკითხზე ქალაქ ახალციხეში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში ზაალ გელაშვილი, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი მიხეილ გოგოლიძე და სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყანაში არსებული ძველი ნაგავსაყრელები ახალი, რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტებით და ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების ქსელით უნდა ჩანაცვლდეს; შედეგადა, მყარი ნარჩენების მართვა შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან.
გარემოს დაცვის სახელმწიფო პოლიტიკა ყველა იმ მიმართულებას მოიცავს, რამაც უნდა უზრუნველყოს როგორ ადამიანისთვის ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღი საცხოვრებელი პირობების შექმნა, ასევე, ბუნების და ბუნებრივი რესურსების გაფრთხილება. აღნიშნულ მიმართულებებს შორისაა მყარი ნარჩენების მართვა.
სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა ნაგავსაყრელებზე არსებული ამჟამინდელი მდგომარეობა განიხილეს. ახალი, რეგიონული, არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტების გახსნის შემდეგ, ეტაპობრივად დაიხურება არსებული ნაგავსაყრელები.









































