კომუნიკაციების კომისიამ, მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ 26 მარტიდან 26 აპრილის ჩათვლით მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასელებისთვის გამოაცხადა. კონკურსი მოზარდებში ციფრულ სივრცეში ნავიგაციის, ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის, ფაქტების გადამოწმებისა და კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარებას ისახავს მიზნად.
„ნამდვილი თუ მოგონილის?!“ წესების თანახმად, მონაწილეებმა უნდა აღმოაჩინონ ონლაინ მედიაში გავრცელებული ყალბი ინფორმაცია, რომელიც მანამდე არ დადასტურებულა, როგორც ყალბი. რის შემდეგაც, სასურველი ფორმატით უნდა წარმოადგინონ ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის გზები, შესაბამისი წყარო და რეალური ფაქტები. კონკურსის ფარგლებში გამოგზავნილ ნამუშევრებს კომპეტენტური ჟიური შეაფასებს და სამ გამარჯვებულს გამოავლენს, რომელთაც კომუნიკაციების კომისია ისეთ მაღალტექნოლოგიურ პრიზებს გადასცემს, როგორებიცაა ბოლო თაობის სმარტფონი, ლეპტოპი ან პლანშეტი.
კომუნიკაციების კომისიამ „ნამდვილი თუ მოგონილი“ უკვე თორმეტჯერ, მათ შორის, სკოლის მოსწავლეებისთვის — რვაჯერ, ხოლო სტუდენტებისთვის ოთხჯერ წარმატებით ჩაატარა. კონკურსს ჯამში 1200-მდე მონაწილე ჰყავდა.
კონკურსის წესების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.






































