ქართული ოცნების ყოფილი წევრებისა და ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილის მიერ ახლადდაფუძნებულმა პარტია „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსმა“ 17 აგვისტოს თბილისის რვავე მაჟორიტარულ ოლქში საკუთარი კანდიდატები წარადგინა.
პარტიის სახელით თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის იბრძოლებენ:
- ჯაბა ჯიშკარიანი (თბილისის საკრებულოს წევრი) – მთაწმინდა-კრწანისი;
- ბექა ნაცვლიშვილი (პარლამენტის დეპუტატი) – ვაკე;
- ლევან გოგიჩაიშვილი (პარლამენტის დეპუტატი) – საბურთალო;
- გედევან ფოფხაძე (პარლამენტის დეპუტატი) – დიდუბე-ჩუღურეთი;
- რამაზ ბლუაშვილი – ისანი;
- ზვიად თავაძე – ნაძალადევი;
- სანდრო რიჟამაძე – სამგორი;
- ლაშა გიორგაძე – გლდანი.
პარტიის ძირითად წინასაარჩევნო დაპირებებს შორის არის: მინიმალური ხელფასის 500 ლარით განსაზღვრა, 1 000 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე პირებისთვის 20%-იანი საშემოსავლო გადასახადის განახევრება, მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის განვითარება, ასევე განათლების, მეცნიერებისა და კულტურის მიმართულებით ინვესტიციების გაზრდა და სხვ.
„ჩვენი მიზანია შევქმნათ გარანტიები საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დასაცავად და ჩვენი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად“, – თქვა პარტიის გენერალურმა მდივანმა მარიამ ჯაშმა. ქართული ოცნების ყოფილმა დეპუტატებმა ახალი პოლიტიკური პარტია 7 ივნისს დააფუძნეს. მათ ქართული ოცნება გასულ წელს, სხვადასხვა დროს, უმრავლესობაში უზენაესი სასამართლოს წევრების არჩევის წესზე არსებული უთანხმოებისა და ქართული ოცნების მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ დაპირების ჩაგდების შემდეგ დატოვეს.