ახალდაბის ახალგაზრდულ მედიაკაფე „ლუტრეზი“-ში არსებულ «მულტიფუნქციურ ცენტრში» წელს უმნიშვნელოვანესი სიახლეა – აქ პირველად გიტარის წრე გაიხსნა. პროექტი, რომელიც ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის ახალ შემოქმედებით სივრცეს ქმნის, ბორჯომის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
ახალდაბელ ახალგაზრდებში მუსიკალური განათლების მიღებისა და ინსტრუმენტის შესწავლის სურვილი იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ მოთხოვნამ მოლოდინს გადააჭარბა. ამ ეტაპზე, რესურსების გათვალისწინებით, მხოლოდ ორი ჯგუფის დაკომპლექტება და მეცადინეობის ჩატარება ხერხდება, თუმცა, ორგანიზატორებს დიდი გეგმები აქვთ.
პროფესიონალი პედაგოგი და დიდი ენთუზიაზმი
იმისათვის, რომ მოსწავლეებმა საფუძვლიანი ცოდნა მიიღონ, პროექტში გამოცდილი პროფესიონალი ჩაერთო. გიტარის წრეს უძღვება ყველასთვის კარგად ნაცნობი მუსიკოსი, „ქუთაისური ტრიოსა“ და „კვარტეტ მაისის“ სოლისტი – ნიკა ნუცუბიძე. ის ქუთაისიდან სტუმრობს ახალდაბას და მისი ხელმძღვანელობით ახალგაზრდები დიდი ინტერესითა თუ მონდომებით ეცნობიან გიტარაზე დაკვრის ანბანს.


„ახალგაზრდების მხრიდან ასეთი ინტერესი და მუხტი ძალიან გვახარებს. ისინი ყოველ გაკვეთილს განსაკუთრებული ენთუზიაზმით ელოდებიან. ეს არ არის მხოლოდ დაკვრის სწავლა, ეს არის მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბება და შემოქმედებითი თვითგამოხატვა“, – აღნიშნა პროექტის ხელმძღვანელმა, ნატო გუბელაძემ.
სამომავლო გეგმები და იმედები
მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ადგილები შეზღუდულია, მედიაკაფე „ლუტრეზში“ იმედოვნებენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. ახალგაზრდებს დიდი იმედი აქვთ, რომ ბორჯომის მერია სამომავლოდაც გააგრძელებს ამ მნიშვნელოვანი ინიციატივის დაფინანსებას, რაც საშუალებას მისცემს პროექტს, გაფართოვდეს და ყველა მსურველი ახალგაზრდის მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდეს.




მანამდე კი, „ლუტრეზის“ კედლებიდან უკვე ისმის პირველი აკორდები, რაც იმის ნიშანია, რომ ახალდაბაში მალე ახალი ნიჭიერი მუსიკოსები თავის სიტყვას იტყვიან.
მარიკა ყაულაშვილი, პროექტის კოორდინატორი, ახალდაბის საჯარო სკოლის პედაგოგი







































