სამცხე–ჯავახეთში მასშტაბური პროექტების მიმდინარეობა სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ ადგილზე მოინახულეს.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს და „ქართუ“ ფონდის თანამშრომლობის საფუძველზე სამცხე ჯავახეთის რეგიონში გრძელდება საკულტო ძეგლების კომპლექსური რეაბილიტაციის პროგრამა, რომელიც 2020 წლისთვის 30 მდე სარესტავრაციო პროექტს მოიცავს.
ბორჯომის სამუზეუმო ქალაქად ქცევის კონცეფციის ფარგლებში დაიწყო ისტორიული შენობის – კავალერიის კორპუსის კომპლექსური რეაბილიტაციის პროცესი. სარესტავრაციო და საექსპოზიციო მოწყობის პროექტი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სამუზეუმო კონცეფციის საფუძველზე შემუშავდა, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.
2 მილიონად შეფასებული სამშენებლო სამუშაოები მომდევნო წლის ბოლომდე გასტანს, რომლის შემდგომ ისტორიული შენობა სამუზეუმო ექსპონატებითა და სხვა ტურისტული დატვირთვის მქონე სივრცეებით აღიჭურვება.. სამომავლოდ, იდეის პროექტი, ერთ არეალში 5 უნიკალურ ნაგებობას – რომანოვების ლიკანის რეზიდენციას, მხარეთმცოდნეობის მუზეუმს, პირველი ჰიდროელექტროსადგურის შენობას, ბორჯომის ისტორიულ ქარხანასა და კავალერიის კორპუსს გააერთიანებს.
გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, მიმდინარე წელს დაიწყება საკონსერვაციო – სარესტავრაციო პროცესი სოფელ თისელის მე-7 საუკუნის ღვისმშობლის სახელობის დარბაზულ ეკლესიაზე, რომელიც ამ დრომდე სრულად იყო მიწაყრილით დაფარული. წლის ბოლომდე დასრულდება ამავე სოფლის წმინდა გიორგი სახელობის გუმბათიანი ტაძრის რესტავრაციაც, სადაც აღდგენითი სამუშაოები მე-3 წელია მიმდინარეობს. ამავდროულად უკვე დაწყებულია სოფ. ბიეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესიის რეაბილიტაციაც, რომლის სრული რესტავრაციის დასრულებაც 2023 წელს იგეგმება.