ბორჯომის მაღალმთიან სოფლებში, ბალანთაში, ჭიხარულაში, მოლითში და ტაბაწყურში , „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილი პროექტების განხორციელება მიმდინარეობს.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ოთარ არბოლიშვილი ადგილზე გაეცნენ.
მოსახლეობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს ტაბაწყურში სასმელი წყლის შიდა ქსელი მოეწყობა, მოლითში – სანიაღვრე სისტემა, ხოლო ჭიხარულასა და ბალანთაში – სასმელი წყლის სათავე ნაგებობა.
როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში განმარტავენ, 2020 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ მუნიციპალიტეტის სოფლებში განსახორციელებელი პროექტების შესარჩევად თითოეულ დასახლებაში საერთო კრებები ჩატარდა და მოსახლეობასთან კონსულტაციების შედეგად გამოვლინდა პრიორიტეტები.
ჭიხარულასა და ბალანთაში საგზაო ინფრასტრუქტურის მასშტაბური სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, პროექტი 2 ეტაპად წელს განხორციელდება და ჯამში ასფალტ-ბეტონის საფარი 3,5 კმ სიგრძის მონაკვეთზე დაიგება.
„გზის საფარის გარდა, ადგილზე მოეწყობა მილხიდები, კიუვეტები და ცხაურები, მოწესრიგდება ასევე ეზოებში შესასვლელი მონაკვეთები. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის, მთის ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის ერთობლივი თანადაფინანსებით მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 3 მილიონ ლარამდე შეადგენს.
ჭიხარულასა და ბალანთაში სამანქანო გზა სრულად ამორტიზებული იყო და ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა დაგებული. პროექტის დასრულების შემდეგ, მოსახლეობას საგრძნობლად გაუადვილდება გადაადგილება“, – აღნიშნულია მუნიციპალიტეტის ინფორმაციაში.