დღეს ბორჯომის მერობის კანდიდატი, ბატონი მამუკა გელაშვილი, თანაგუნდელებთან ერთად, ახალდაბაში, ახალგაზრდულ მედიაკაფე «ლუტრეზი»-ს სტუმრობდა. ის გაეცნო ახალგაზრდების საქმიანობას და ესაუბრა მათ იმ ინიციატივებზე, რასაც ბორჯომის მუნიციპალიტეტში გეგმავენ.
შემდეგ კი მედიაკაფე «ლუტრეზი»-სა და «სამცხე-ჯავახეთის სათემო განვითარების ცენტრი»-ს ხელმძღვანელმა, ნატო გუბელაძემ სტუმრებს უამბო ახალგაზრდული მედიაკაფეს მიზნებზე და განხორციელებულ პროექტებზე, რომ ეს ადგილი იქცა ახალგაზრდებისთვის საყვარელ თავისუფალ საჯარო სივრცედ, სადაც ისინი არამარტო ტრენიგ-სემინარებს ესწრებიან, არამედ აქვთ შესაძლებლობა, ნებისმიერ დროს ესტუმრონ, დაისვენონ, მეგობრული შეხვედრები გამართონ.
ამჟამად მედიაკაფე «ლუტრეზი» ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფინანსებულ პროექტს ახორციელებს «მულტიფუნქციური ახალგაზრდული ცენტრი», სადაც ჯერჯერობით მოქმედებს ინგლისურის, მულტიმედიაწიგნიერების და ხელოვნების კლუბი, მიმდინარეობს თექის მასტერკლასები. პროექტის სრულყოფილად განხორციელებაში ჩართული არიან როგორც სხვადასხვა ქალაქიდან მოწვეული გამოცდილი ტრენერები, ასევე ახალდაბელი პედაგოგები: პროექტის კოორდინატორი მარიკა ყაულაშვილი, ინგლისურის პედაგოგი თამარ დემეტრაშვილი და ხელოვნებათმცოდნეობის მაგისტრი ვიკა ჩოგოვაძე.
მერობის კანდიდატის სტუმრობის პერიოდი ზუსტად დაემთხვა თექის კლუბის დღეს და სტუმრებს თავად ჰქონდათ შესაძლებლობა, ენახათ ახალგაზრდების თექასთან მუშაობის პროცესიც.
ბატონმა მამუკა გელაშვილმა ახალგაზრდებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ის მზადაა ახალგაზრდების საგანმანათლებლო პროექტების მხარდასაჭერად და უკეთესი პირობების შესაქმნელად.



