ბორჯომის საჯარო სკოლებს შორის ინტელექტუალური თამაშის რა? სად? როდის? გაზაფხული-ზაფხულის სეზონის გამარჯვებული ბაკურიანის საჯარო სკოლის გუნდი “ალციდები” ზედიზედ მეორედ გახდა.
სეზონის საუკეთესო მოაზროვნის ტიტული კი ამავე გუნდის წევრმა გიორგი მაისურაძემ მოიპოვა. მას აღნიშნული ტიტულის მოპოვებისათვის მოაზროვნე გარდამავალი ბუ გადაეცა.
გამარჯვებული გუნდი გარდამავალი ბუს ქანდაკებით, სიგელებითა და წიგნებით ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს.
გამარჯვებული გუნდის მოთამაშეებს დეპუტატმა დავით შონიამ 200-ლარიანი ვაუჩერი გადასცა, ხოლო საუკეთესო მოაზროვნეს „ბარდასის“ 100-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერიც გადაეცა.
მეორე და მესამე ადგილი N3 საჯარო სკოლის გუნდმა “MVP” და წაღვერის საჯარო სკოლის გუნდმა “ნიკეა” გაინაწილეს.
საპატიო სიგელები გადაეცათ ფინალში მოთამაშე ყველა გუნდის წევრს.
მიმდინარე სეზონზე 54 გუნდი და 340-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. ფინალში ბროლის ბუს მოპოვებისათვის კი 19 გუნდი იბრძოდა.
ინტელექტუალური თამაშის ორგანიზატორი ბორჯომის მუნიციპალიტეტი, საბიბლიოთეკო გაერთიანება და ბორჯომის ინტელექტუალური კლუბია.
ბორჯომში რა? სად? როდის? — ის უცვლელი წამყვანი ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და ბორჯომის ინტელექტუალური კლუბის ხელმძღვანელი გიორგი ფერაძეა.
ინტელექტუალურ თამაშებს მთელი სეზონის განმავლობაში ტრადიციულად N3 საჯარო სკოლამ უმასპინძლა.





