პროტესტი 28 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ საქართველომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.
აქციის მონაწილეები თავდაპირველად თბილისში ორი ლოკაციაზე – გორგასლის ქუჩაზე, “ქართული ოცნების” ოფისთან და რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით აქცია გაერთიანდა პარლამენტის წინ, სადაც ვითარება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის არაერთხელ დაიძაბა.
ღამის 2:00 საათის შემდეგ საპოლიციო ძალებმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლა დაიწყეს. სპეცრაზმმა გამოიყენა წყლის ჭავლი და სპეციალური საშუალებები, მათ შორის ცრემლსადენი გაზი, და ე.წ. წიწაკის სპრეი მომიტინგეთა წინააღმდეგ.
ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე მოძრაობა აღდგენილია თუმცა დღეს საღამოს 19 საათისთვის კვლავ აქციაა დაგეგმილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პარლამენტთან გამართულ აქციაზე 43 პირია დაკავებული. როგორც შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 43-ვე პირი დაკავებულია სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173-ე მუხლების შესაბამისად.
„აქციის მონაწილეები პოლიციის მიმართულებით ისროდნენ შუშის ბოთლებს, ქვებს, რკინის საგნებსა და პიროტექნიკას. უწყების განმარტებით, აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების აღკვეთის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასული ღამის განმავლობაში არაერთხელ გამოიყენა კანონით დაშვებული სპეციალური საშუალებები.
აქციის მიმდინარეობის დროს, აქციის მონაწილეთა ნაწილის მხრიდან არაერთხელ ჰქონდა ადგილი პროვოკაციულ ქმედებებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენჯერმე მოუწოდა შეკრების ორგანიზატორებსა და აგრესიულ ჯგუფებს, რომ პროტესტი კანონით დადგენილ ჩარჩოებში გამოეხატათ, თუმცა ისინი არ დაემორჩილნენ პოლიციელთა მითითებებს, მიაყენეს მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაუპირისპირდნენ ფიზიკურად.
სხვადასხვა მედიასაშუალების პირდაპირ ეთერებში ნათლად ჩანდა, როგორ აზიანებდნენ აქციის მონაწილეები ინფრასტრუქტურას, გზის საფარს, ვიდეო-სამეთვალყურეო კამერებს. აქციის მონაწილეებმა ღამის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე გაურკვეველ ნივთებს წაუკიდეს ცეცხლი, აღმართეს ბარიკადები, დააზიანეს როგორც თბილისის მუნიციპალიტეტის ასევე კერძო პირთა ქონება, პოლიციის მიმართულებით ისროდნენ შუშის ბოთლებს, ქვებს, რკინის საგნებსა და პიროტექნიკას.
აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების აღკვეთის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასული ღამის განმავლობაში არაერთხელ გამოიყენა კანონით დაშვებული სპეციალური საშუალებები. სპეციალური საშუალებების გამოყენებამდე ადგილზე ხდებოდა შეკრების მონაწილეების წინასწარი გაფრთხილება.
აქციის მიმდინარეობისას სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173-ე მუხლების შესაბამისად დაკავებულია 43 პირი.
აქციაზე მომხდარ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 -ე პრიმა და 187-ე მუხლის მეორე ნაწილებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამწუხაროდ, შსს არაფერს არ ამბობს იმ ათეულობით ფაქტზე, თუ როგორ ცემეს თავად მათ ჟურნალისტები და სხვა მომიტინგეები, რომლებიც პროტესტს მშვიდობიანი ფორმით გამოხატავდნენ.
ფოტოები – არჩილ გეგენავასი