ComCom-მა მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების მიზნით 85 მასწავლებელი მედიაწიგნიერების სწავლებაში გადაამზადა. შეხვედრებს ComCom-ის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი, მარიამ ბიბილაშვილი გაუძღვა, რომელმაც მონაწილეებს სპეციალურად მედიაწიგნიერების სწავლებისთვის შექმნილი საგანმანათლებლო სტანდარტი და სახელმძღვანელო „მედიაწიგნიერების გაკვეთილები“ გააცნო. გადამზადებული მასწავლებლები ახალი სასწავლო წლიდან შეძლებენ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს მედიაწიგნიერების არჩევითი საგანი შეასწავლონ, რომლის ფარგლეშიც უფროსკლასელები მედიისა და ინფორმაციის ენას, ინფორმაციის დამუშავებას, დეზინფორმაციის სახეებს, ასევე, სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით ყალბი ინფორმაციის აღმოჩენასა და სიმართლის დადგენის ტექნიკებს ერთი სემესტრის განმავლობაში გაივლიან.
კომუნიკაციების კომისიამ ფორმალურ განათლებაში მედიაწიგნიერების ინტეგრირების პროექტი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობითა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, 2022 წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში ჩატარდა მედიაწიგნიერების საჭიროებების შესახებ კვლევა, შემუშავდა საგანმანათლებლო სტანდარტი, სასწავლო მოდული და სახელმძღვანელო, რომელთა გამოყენებითაც, მედიაწიგნიერების სწავლებაში საქართველოს მასშტაბით უკვე 1835 მასწავლებელია გადამზადებული. საგულისხმოა, რომ საგანი ასევე ეროვნული სასწავლო გეგმის არჩევითი საგნების ნუსხაშია შესული, ხოლო 2023-2024 სასწავლო წლიდან მედიაწიგნიერება, როგორც არჩევითი საგანი, უკვე საქართველოს 6 სკოლის X-XII კლასებში ისწავლება.
მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების პროცესის ხელშეწყობა ComCom-ის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, შესაბამისად, კომისია აგრძელებს მასწავლებელთა გადამზადებას, რომლის შედეგად მასწავლებლები მედიაწიგნიერების სწავლების პროცესის წარმართვას მეტად ეფექტიანად და ნაყოფიერად შეძლებენ.