“ტურისტული დღეები ბორჯომში” – ამ სლოგანით ბორჯომის მუნიციპალიტეტში მუსიკალური საღამოები ტრადიციულად იმართება.
სწორედ მუნიციპალიტეტის მხარდაჭრით, 21 აგვისტოს ახალდაბის ახალგაზრდულმა მედიაკაფე „ლუტრეზი“-მ თავის ღია სივრცეში “ქუთაისური ტრიო”-ს ძალიან ნიჭიერ და პოპულარულ მუსიკოსებს: ძმებს – საბა და ნიკა ნუცუბიძეებს და კობა მიშვიძეს უმასპინძლა.
მუსიკალურ საღამოს როგორც ადგილობრივები, ასევე – დამსვენებლები ესწრებოდნენ.
ახალგაზრდა მუსიკოსებმა გიტარით და იმერული ჰანგებით დაატკბეს და არაჩვეულებრივი, ლამაზი საღამო აჩუქეს მსმენელებს. კონცერტი სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა და მოულოდნელმა წვიმამაც კი ვერ შეუშალა ხელი.
მუსიკალური საღამო ძალიან თბილ გარემოში წარიმართა, სტუმრებსა და მასპინძლებს შორის ისეთი უშუალო ურთიერთობა შედგა, რომ ახალგაზრდები ოვაციებს არ მალავდნენ, თავადაც იმღერეს და იცეკვეს კიდეც. იქვე, ექსპრომტად, ერთ-ერთმა ახალგაზრდამ ფანდურიც მოიტანა და სტუმრებთან ერთად თავისი შემოქმედებაც წარმოადგინა.
„კიდევ ერთი ლამაზი და სასიამოვნო დღე მიითვალა მედიაკაფე „ლუტრეზი“-მ. ესაა ადგილი, სადაც შეიძლება, დაისვენო, გაერთო და დრო სასიამოვნოდ გაატარო, ამიტომ ,,ლუტრეზი“ იქცა ყველა თაობისთვის საყვარელ ადგილად ახალდაბაში“ – გვითხრა ერთ-ერთმა ახალდაბელმა ახალგაზრდამ კონცერტის დასრულების შემდეგ და ამით, ფაქტობრივად, ყველა ახალდაბელის თუ დამსვენებლის სათქმელი თქვა.
„ეს ლამაზი დღე ვერ შედგებოდა, რომ არა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერა, რისთვისაც მედიაკაფე და თავად მუსიკოსებიც ძალიან დიდ მადლიერებას გამოვხატავთ ბორჯომის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის მიმართ და დარწმუნებული ვართ, რომ სამომავლოდაც მათი მხარდაჭერით ბევრ საინტერესო შეხვედრას გავმართავთ ახალდაბის მედიაკაფეში“- განაცხადა მედიაკაფეს მფლობელმა, გაზეთ „ბორჯომიnews”-ის მთავარმა რედაქტორმა, ნატო გუბელაძემ.
მოამზადა მარიკა ყაულაშვილმა