ბორჯომის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, ახალდაბაში, მედიაკაფე “ლუტრეზი”- ში, 12 აგვისტოდან „ქალთა სამოქალაქო აქტივიზმის საზაფხულო სკოლა“ ამოქმედდა. პირველი სამ-დღიანი ბანაკური ცხოვრება ბორჯომის სხვადასხვა სოფელში (დვირი, ქვაბისხევი, ციხისჯვარი, ახალდაბა) მცხოვრები გოგონებისთვის უკვე შედგა. მეორე ეტაპი 26-27-28 აგვისტოსთვისაა დაგეგმილი.
სკოლა-ბანაკის ძირითადი მიზანი არის სოფლად მცხოვრები ახალგაზრდა მოზარდი გოგონების ცნობიერების ამაღლება ქალთა ლიდერობასა და ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობაზე; რომ მათ თავად შეძლონ თემის საჭიროებების კვლევა, ადგილობრივი თვითმმართველობის წინაშე არსებული პრობლემების დაყენება, აქტუალიზაცია და ადვოკატირება.
მოწვეული ტრენერები – მარიკა ვაჭარაძე და პაატა ცნობილაძე ახალგაზრდებს მათთვის საინტერესო ისეთ საკითხებზე ესაუბრნენ, როგორიცაა: ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში ახალგაზრდების მონაწილეობის გზები; ქალთა პოლიტიკური და შრომითი უფლებები;საქართველოს საარჩევნო სისტემის სიახლეები და გენდერული ასპექტები.
პროექტს ახორციელებს „სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის განვითარების ინსტიტუტი“, ახალდაბის მედიაკაფესთან ერთად, „ფონდი ტასო“-ს ფინანსური მხარდაჭერით და ბორჯომის ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით.
სკოლა-ბანაკის მონაწილეებს განსაკუთრებული სურპრიზი მოგვიმზადეს “IDS ბორჯომი საქართველო”-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა: მათ ყველა მონაწილესა და მოწვეულ ტრენერებს საჩუქრად გამოგვიგზავნეს ბორჯომის ლიმონათები, თავისი ულამაზესი ჩანთებით. ახალგაზრდებმა მოულოდნელი სურპრიზით ძალიან გაიხარეს და მადლობის ნიშნად სახალისო სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.
ჩვენი პროექტის მონაწილეთა სახელით კიდევ ერთხელ ძალიან დიდ მადლობას ვუხდით “IDS ბორჯომი საქართველო”-ს ყურადღებისა და გემრიელი საჩუქრებისთვის Naniko KuprashviliNini Gogoladze
ნატო გუბელაძე
პროექტის დირექტორი