საქართველოში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ კონგრესმენი, ჯო უილსონი კანონპროექტის წარდგენას გეგმავს, – ამის შესახებ The Wall Street Journal-ის სტატიაშია ნათქვამი.
„აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, ჯო უილსონი საქართველოში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ კანონპროექტის წარდგენას გეგმავს. კანონპროექტი მოითხოვს, რომ სახელმწიფო მდივანმა კონგრესს საქართველოში არასათანადო პოლიტიკური გავლენის, კლეპტოკრატიის, ელიტური კორუფციის, სანქციების თავიდან აცილების და რუსეთის დაზვერვის აქტივების შესახებ ანგარიში წარუდგინოს. „უცხოური აგენტების შესახებ კანონსა“ და დემოკრატიაზე განხორციელებულ უფრო ფართო თავდასხმაზე პასუხისმგებელ პირებს შესაძლოა სანქციები დაემუქროთ“, – წერს ამერიკული გამოცემა.
WSJ-ის სტატიაში სახელწოდებით, „საქართველოსა და რუსეთის „ჰიბრიდული ომი“ აღნიშნულია, რომ თუ საქართველო კურსს შეიცვლის, მაშინ კანონპროექტი საქართველოს აშშ-სთან სავაჭრო, თავდაცვისა და კულტურული კავშირების გაძლიერების შესაძლებლობას მისცემს.
„ასევე, კანონპროექტი საქართველოს შესაძლებლობას სთავაზობს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სავაჭრო, თავდაცვისა და კულტურული კავშირები გააძლიეროს, თუ ის კურსს შეიცვლის. ეს შეიძლება საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის გადამწყვეტი მომენტი იყოს, მაშინ როცა მისი მოსახლეობა ავტორიტარული კონტროლის ინსტრუმენტის შეჩერებას ცდილობს“, – ნათქვამია სტატიაში.
წყარო(interpressnews.ge)