სამედიცინო დაწესებულებების მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელის მიდინარეობის საკითხზე, მორიგი სამუშაო შეხვედრა, ბათუმში გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ. შეხვედრაზე DRG-ის დაფინანსების სისტემა, სექტორში არსებული რეგულირების მექანიზმები, სტანდარტები, ჯანდაცვის სისტემის განვითარების პოტენციალი განიხილეს. ისაუბრეს გურიისა და აჭარის რეგიონში არსებული კლინიკების საჭიროებებზე, ასევე სამედიცინო მომსახურების განვითარებისთვის საჭირო მექანიზმებზე.
ჯანდაცვის მინისტრმა, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს, DRG დაფინანსების მოდელის კონკრეტული ხედვა წარუდგინა. მისი განცხადებით, პრიორიტეტი პაციენტების ინტერესების დაცვა და მათი, მაღალი ხარისხის სერვისებით უზრუნველყოფაა. მიხეილ სარჯველაძემ იმედი გამოთქვა, რომ საჯარო და კერძო სექტორის აქტიური კომუნიკაციითა და თანამშრომლობით, დღის წესრიგში არსებულ თითოეულ საკითხზე სწორი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.
შეხვედრები პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებითა და ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ტარდება.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილე თამარ გაბუნია, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე და პარლამენტის წევრები. ასევე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ილია ვერძაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე და გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის „ძლიერი საპარლამენტო ინსტიტუციები საქართველოში“ ხელმძღვანელი ნინო სარიშვილი.