„საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია პროფესიული განათლების განვითარება. პრიორიტეტია, რომ პროფესიული განათლება იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი და პასუხობდეს შრომის ბაზრის როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო საჭიროებებს,‘‘ – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ამილახვარმა პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.
პროფესიულ განათლებაზე საუბრისას მინისტრობის კანდიდატმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებასა და სტუდენტთა დასაქმების მნიშვნელობაზე.
გიორგი ამილახვარი: „გაიზრდება სამუშაოზე დაფუძნებული და ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამების რაოდენობა, რის საფუძველზეც გაიზრდება პროფესიული განათლების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი და ასევე, გაიზრდება ინტეგრირებული პროგრამების მასშტაბები. აღსანიშნავია, რომ გაიზრდება პროფესიული განათლების საბიუჯეტო დაფინანსება და ამოქმედდება პროფესიული განათლების დაფინანსების შედეგებზე დაფუძნებული მოდელი‘‘.
მინისტრობის კანდიდატმა ხაზი გაუსვა საჯარო-კერძო პარტნიორობის ჩამოყალიბების და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებთან პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ერთობლივი განხორციელების მნიშვნელობას. მისი თქმით, კერძო სექტორის მონაწილეობით მოხდება საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამონაწილეობითი მართვის მოდელების დანერგვა და ამ ფორმით ბიზნესის შემოყვანა უნარების ეკოსისტემაში და პროფესიული განათლების მიწოდებაში. გიორგი ამილახვარის განცხადებით, დარგობრივი გაერთიანებებისა და კერძო სექტორის ჩართულობით გადაიხედება პროფესიული სტანდარტები და 2025 წლის ბოლომდე შემუშავდება/განახლდება ყველა პროფესიული სტანდარტი ახალი მეთოდოლოგიის შესაბამისად. ამასთან, შრომის ბაზრის საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით დაინერგება კერძო სექტორის მონაწილეობით შემუშავებული ახალი კვალიფიკაციები.
„დამტკიცდება პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი და მომზადების, პროფესიაში შესვლისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ახალი მოდელი, ასევე, ამოქმედდება პროფესიული განათლების მასწავლებლის შრომის ანაზღაურების ახალი მოდელი. ასევე მოხდება პროფესიული განათლების მასწავლებლების მომზადება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად,‘‘ – აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.
მინისტრობის კანდიდატმა დამსწრე საზოგადოებას ასევე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა კოლეჯების მართვის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებზე, მათ შორის, კოლეჯების დირექტორთა კვალიფიკაციის გაძლიერებაზე, დაწესებულებების სტრუქტურების გადახედვასა და პროფესიული განათლების სისტემის პრიორიტეტების შესაბამისად გაუმჯობესებაზე. გიორგი ამილახვარის თქმით, პროფესიული განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციის მიზნით, ამოქმედდება საერთაშორისო სერტიფიცირების შესაძლებლობები საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების განსახორციელებლად. ამასთან, პროფესიული განათლების მართვის პროცესის ხელშესაწყობად დაინერგება სხვადასხვა ელექტრონული სისტემა, რაც პროცესებს გახდის უფრო მეტად მოქნილს და ავტომატიზებულს.