საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატს გიორგი ამილახვარს დღეს პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე უსმენენ.
გიორგი ამილახვარმა ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების კუთხით მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა და ამ მიმართულებით საზოგადოებას სამომავლო გეგმები გააცნო.
მინისტრობის კანდიდატმა ხაზი გაუსვა ქვეყნის მასშტაბით განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ დღეს სწორედ განათლება არის მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი.
გიორგი ამილახვარი: „საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს განათლებაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და მისი ხარისხის ზრდა წარმოადგენს. ამის ნათელი დასტურია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სისტემის ყოველწლიურად მზარდი ბიუჯეტი, რომელმაც 2024 წელს უპრეცედენტო ნიშნულს –2,508.0 მლნ ლარს მიაღწია.“