მესხური ღვინის მწარმოებელი, კომპანია „ნათენაძის მარნის“ მფლობელი და „ვარძიის ტერასების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი ნათენაძე, Facebook-ის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც იმ სირთულეებზე საუბრობს, რაც ბიზნესპარტნიორებთან შეექმნა და აცხადებს, რომ საქართველოში ბიზნესის კეთება ძალიან რთულია.
როგორც პოსტიდან ირკვევა, მის ერთ-ერთ პროექტში პარტნიორები წლების განმავლობაში მას საქმეს აკეთებინებდნენ, ახლა კი ეუბნებიან, რომ ამ ბიზნესში მისი ადგილი არ არის.
სხვა დეტალების გასაჯაროებისაგან გიორგი ჯერჯერობით თავს იკავებს. მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“ჯერ ყველაფერს არ დავწერ, ამის დროც მოვა და ყველაფერს აეხდება ფარდა. ერთი კი ნამდვილად ვიცი, არასწორად ნაშოვნი ფული ან ქონება არასდროს არ შეერგება არავის.
საქართველოში ბიზნესის კეთება ძალიან ძნელია. მითუმეტეს, პარტნიორად თუ 90-იანებში გამდიდრებული “ბიზნესმენი” მოგევლინა და შენ ამ დროს ენთუზიაზმით და საქმის სიყვარულით დღე და ღამეს ათენებ, წვალობ, გულს და სულს დებ საქმეში, გიყვარს შენი საქმე, მისი ყველა დეტალით, თან – ყველაფერს შენი ხელით გაკეთებინებენ და ბოლოს გეუბნებიან, რომ შენ იქ აღარაფერი გესაქმება და ყველაფერი დამთავრდა.
რაის სიტყვიერი შეთანხმება, რაის კაცობა, რაის ხელის ჩამორთმევა.. ყველაფერი ფუჭია მათ თვალში. საინტერესოა, ცხოვრებაში რა პრინციპები ამოძრავებთ და რისთვის ცხოვრობენ. სუფრაზე კი არიან ქართველი ვაჟკაცები, სამშობლოს გაერთიანება და უკეთესი საქართველო რომ უნდათ.
მინდა, ახალგაზრდებს მოვუწოდო, ვინც ახალ საქმიანობას იწყებს, ვისაც თავის საქმე უყვარს და პარტნიორს ეძებს, ასჯერ გაზომეთ და ერთხელ გაჭერით, კარგად გაიკითხეთ მისი ისტორია, გააფორმეთ ძლიერი ხელშეკრულება იურისტების დახმარებით, ტყუილად ხალხი არაფერს არ ამბობს და არაფერს არ იგონებს. ნურავის დაუთმობთ თქვენს ნაწვალებს და თქვენს დახარჯულ დროს !!!
დრო მოვა და ყველაფერი გაირკვევა, ჯერ არ მეჩქარება, მაშინ გამოაშკარავდება ყველაფერი, როცა არ ელოდებიან. ვიცი, ახლაც ამ მესიჯს კითხულობენ და გული უჩქარდებათ…
არ გინდათ კომენტარებში მოთაგოთ ის ხალხი, ვინც ამოიცანით, თვითონაც კარგად ხვდებიან ყველაფერს.
ის, რაც არ გეკუთვნის, შენი არაა, რომც ძალიან გინდოდეს. სამყარო სხვანაირად არის მოწყობილი, მეგობრებო”, – წერს გიორგი ნათენაძე.
ჩვენ კი , ჩვენის მხრივ, დავამატებდით, რომ ასეთი ხალხი ვერც ქვეყნისთვის სასარგებლო ლელოს ვერასოდეს გაიტანს!
ცნობისთვის: ბიზნეს რეესტრის მიხედვით, შპს ვარძიის ტერასები, სადაც გიორგი ნათენაძე კომპანიის 7%-იანი წილის მფლობელია, 2014 წელსაა დაფუძნებული და მისი მეწილეები მამუკა ხაზარაძე (46.5%) და ბადრი ჯაფარიძე (46.5%) არიან.
BM.GE-ის ინფორმაციით, კომპანია „ვარძიის ტერასებმა“ მესხურ ტერასებზე უძველესი ვაზის ჯიშების გაშენების ისტორიული პროცესი 2016 წელს დაიწყო, ხოლო ვაზის აღდგენილი უიშვიათესი ისტორიული მესხური ჯიშების პირველი მოსავალი 2018 წელს მიიღო.