16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით ბაკურიანში ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება.
მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მთის ტრასების სააგენტოსა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით და საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით გაიმართება.
ამ საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიებისთვის ბაკურიანში მოეწყო მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, რათა კურორტი სრულ მზადყოფნაში იყოს მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის. კერძოდ: აშენდა სამი ახალი საბაგირო, 29 კილომეტრიანი ხელოვნური გათოვლიანების სისტემები, ორი წყლის ხელოვნური რეზერვუარი (ტბა), ჯამში 307 000 კუბური მეტრი, 6 ახალი საშეჯიბრო ტრასა, შეძენილია სპეციალური ტექნიკა, უსაფრთხოების ინვენტარი. განხორციელდა დაახლოებით 300 მილიონ ლარამდე ინვესტიცია.
ამ დროისთვის უკვე დარეგისტრირებულია 2000-მდე საერთაშორისო სტუმარი, რომელიც ბაკურიანში 42 ქვეყნიდან ჩამოვა. ჩემპიონატის მსვლელობის პარალელურად, მთავრობის ორგანიზებით, მუდმივ რეჟიმში გაიმართება გასართობი ღონისძიებები.
მსოფლიო ჩემპიონატზე ჩატარდება 30 შეჯიბრი 7 სახეობაში.
ბაკურიანში უკვე იმყოფებოდა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის დასკვნითი საინსპექციო ჯგუფი, მიშელ ვიონის ხელმძღვანელობით, რომელმაც ინფრასტრუქტურული სამუშაოები შეამოწმა და ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს შეხვდა. შეხვედრას დაესწრნენ მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, „მთის ტრასების სააგენტოს” დირექტორი ირაკლი ბურჭულაძე და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კოსტავა.
შეხვედრაზე აღინიშნა შესრულებული სამუშაოების მაღალი ხარისხი, ასევე – ბაკურიანის, როგორც ევროპული რანგის სამთო – სათხილამურო კურორტის, მომავალი.
„საქართველოს მთავრობის მიერ ბაკურიანში განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად, ბაკურიანი მომავალში შეიძლება, საერთაშორისო ტურნირების რეგულარული მასპინძელი გახდეს.ბაკურიანი იქნება ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი კურორტი არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიაში, არამედ – საერთაშორისო მასშტაბით,” – განაცხადა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა.
„დღეს ბაკურიანს უკვე აქვს საერთაშორისო სტანდარტების ინფრასტრუქტურა, რაც იმის შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ღირსეულად ვუმასპინძლოთ მსოფლიო ჩემპიონატს. მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აღნიშნული ინფრასტრუქტურა ბაკურიანს დარჩება და ამით ზამთრის სათხილამურო სეზონს გახანგრძლივდება, შედეგად ბაკურიანში მივიღებთ მეტ შიდა და საერთაშორისო მოგზაურს, კურორტზე გავზარდით ვიზიტორთა გამტარუნარიანობას.
ეს ყველაფერი კი დადებითად აისახება ადგილობრივ მცირე და საშუალო მეწარმეებზე, რომლებიც ჩართულნი არიან ტურიზმის ინდუსტრიაში – იქნება ეს განთავსების, კვების ობიექტი თუ სხვა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ისიც, რომ ორი კვირის განმავლობაში ბაკურიანი იქნება სპორტული მედიის ეპიცენტრში, რაც ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს როგორც ბაკურიანის, ისე,ზოგადად, – ჩვენი ქვეყნის ცნობადობის გაზრდის საკითხში”- განაცხადა მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა.
მოამზადა ლიზა ლუტიძემ