9 ნოემბერს , კინოთეატრ „დიდველის“ დარბაზში ბაკურიანის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ ეკატერინე ორჯონიკიძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო სახის შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მოქალაქეებს სააგენტოს თანამშრომლებმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2022 წლის 23 სექტემბერს N85 დადგენილებით დამტკიცებული “ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლის/ყოფნის წესი” გააცნეს და საინფორმაციო ბროშურები გაავრცელეს.
აღნიშნული წესი ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მათ შორის დაბა ბაკურიანისა და დიდი მიტარბის ტერიტორიაზე გავრცელდება.
წესის მიზანია ბორჯომის მუნიციპალიტეტის და ბაკურიანის იერსახის გაუმჯობესება, საზოგადოებრივ სივრცეებში სისუფთავისა და მწვანე ნარგავების დაცვა.
დადგენილების შესრულებას მონიტორინგს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის და სსიპ „ ბაკურიანის განვითარების სააგენტოს“ ზედამხედველობის სამსახურები გაუწევენ.
შეხვედრაზე ასევე განხილული იყო მიმდინარე სამუშაოები და ზამთრის სეზონის დადგომასთან დაკავშირებული შემდგომი სიახლეები.
შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში წარიმართა.