საპატიო მოქალაქეები წელს პალიკო ნოზაძე, ამირან გოგოლაძე და ქეთევან ნოზაძე გახდნენ. მათ აღნიშნული ტიტულის დამადასტურებელი დიპლომი, მედალი და 1000 ლარიანი ვაუჩერი მერმა ოთარ არბოლიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა და მერის მოადგილემ გიორგი ტაბატაძემ გადასცეს.
მცირე ბიოგრაფიული ინფორმაცია ბორჯომის 2022 წლის საპატიო მოქალაქეების შესახებ:
პალიკო ნოზაძე გახლავთ საქართველოს რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი, კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი. პალიკო ნოზაძემ დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.
მოღვაწეობდა: ბორჯომის სახალხო თეატრში, მოზარდ მაყურებელთა თეატრში, მესხეთის თეატრში, სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრში. 2003 წელს მერაბ მიშველაძესთან ერთად დააარსა ქართული ნოველების მონო-თეატრი. 2020 წელს პალიკო ნოზაძის ვარსკვლავი გაიხსნა ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის წინ.
ამირან გოგოლაძე დაიბადა ბორჯომში, 1953 წლის 26 ოქტომბერს. 1982 წელს დაამთავრა თბილისის ეკონომიკურ ტექნიკუმი. 2011 წლიდან დღემდე მუშაობს ა(ა)იპი ,,ბორჯომის დასუფთავების და კეთილმოწყობის” სამსახურში მეეზოვედ და უკვე 10 წელიწადზე მეტია, ერთგულად და დიდი სიყვარულით ემსახურება მშობლიურ ქალაქს.
ქეთევან ნოზაძე დაიბადა ბორჯომში, 1963 წლის 13 ივლისს. 1986 წელს დაამთავრა პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ხოლო 2004 წელს ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. 1991 წელს, ქეთევან ნოზაძემ დაარსა „ბორჯომის ბავშვთა ფედერაცია“, რომელსაც დღემდე თავმჯდომარეობს.
ქეთევან ნოზაძე წლების განმავლობაში არაერთ სფეროში მოღვაწეობდა. 2004 – 2009 წელს ხელმძღვანელობდა ბორჯომის ახალგაზრდულ ცენტრს, რომელიც ახორციელებდა საგანმანათლებლო და კულტურულ აქტივობებს. იგი გახლდათ სამცხე-ჯავახეთის რეგიონული კოორდინატორი „საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის პარლამენტში“, წლების მანძილზე მუშაობდა მრავალ ორგანიზაციაში და ჩართული იყო მრავალ პროგრამაში, მათ შორის, ბავშვთა ფსიქო-ფიზიკური რეაბილიტაციის პროგრამების კოორდინატორი გალისა და სამაჩაბლოს კონფლიქტური ზონის ბავშვებისათვის.
ამ დროისათვის ქეთევან ნოზაძე მუშაობს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრში სპეც-პროექტებისა და ივენთების მენეჯერად, ასევე „ჩვენი ბორჯომისათვის“ თავმჯდომარეა და ბავშვთა და ახალგაზრდობის განათლებისა და განვითარების ტრენინგ-ცენტრის დირექტორია.
“ბორჯომობის” დღესასწაულის მეორე ნაწილი ცენტრალურ (ისტორიულ) პარკში მრავალფეროვანი გასართობი პროგრამით გაგრძელდა.
მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ გადაეღოთ სამახსოვრო ფოტოები საგანგებოდ მოწყობილ „ფოტო კუთხეში“ და ე. წ. „გაცოცხლებულ სურათებში“ მოეწყო პერფომანსი – ქუჩის ორკესტრი, ღია კინოთეატრი – ძველი ქართული ფილმების რეტროსპექტივით, თოჯინების თეატრის წარმოდგენა.
ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ სურვილი ჩაეფიქრებინათ „ნატვრის ხესთან“, ასევე, მათ გართობაზე იზრუნეს მსახიობებმა ოჩოფეხებზე, ცოცხალმა ქანდაკებებმა, მიმებმა და ილუზიონისტებმა. ბავშვები ჩაერთვნენ მოძრავ მხიარულ თამაშებში, სპეციალურად მოწყობილ „ხატვისკუთხეში“ პატარებმა დახატეს თავიანთი სურვილისამებრ, გაიმართა ბუშტების მასტერკლასი და გაუშვეს საპნის გიგანტურ ბუშტები.