ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ შილდის ტყეში, ხანძრის სალოკალიზაციო- სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ცეცხლი ტყის ქვედა საფარზე ფოთლებს გაუჩნდა. რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ახლა მნიშვნელოვანია მოხდეს ცეცხლის კერების ჩაქრობა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, სამუშაოებში მეხანძრე მაშველებთან ერთად ჩართულია ეროვნული გვარდია და ავიაცია. ცეცხლის კერებამდე გრძელდება მძიმე ტექნიკით გზების მიყვანა.
შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, 2 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც ყვარლის მუნიცპალიტეტში, ბუნებრივი კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით, ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებების ეფექტიანად განსახორციელებლად, გამოყენებული იქნეს საქართველოს თავდაცვის ძალები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში 200-მდე მეხანძრე-მაშველი, თავდაცვის სამინისტროს გვარდიის დანაყოფი და 3 ვერტმფრენია ჩართული. ამ ეტაპზე ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
„ჩართულია 200-მდე მეხანძრე-მაშველი და ამდენივე რაოდენობის თავდაცვის სამინისტროს გვარდიის დანაყოფი. დამატებით მუშაობს 3 ერთეული ვერტმფრენი და მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები. მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა გზების გაყვანა ტყის მასივში, რათა სახანძრო ავტოტექნიკის შეყვანა მოხდეს. გავრცელების საფრთხე მოხსნილია. მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება“ – განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა.
ქვეყანაში ბოლო კვირეების განმავლობაში ხანძრების რიცხვმა იმატა. მესტიის მუნიციპალიტეტში ცეცხლი გაუჩნდა ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარს. ადგილზე მაშინვე მოხდა სახანძრო-სამაშველო ბრიგადების მობილიზება. ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩაერთო ავიაციაც. ძლიერი ხანძრის რამდენიმე კერა იყო თბილისშიც.
ხანძრების კასკადი 19 აგვისტოს ქვაბისხევი-ზორეთის საზღვართან დაიწყო, სადაც ხანძარი ტყეს გაუჩნდა და შემდგომ სოფლებისკენაც გავრცელდა, თუმცა დასახლებული ტერიტორიებისთვის არ მიუღწევია. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციითმ, ბორჯომში ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. თუმცა, ლიკანსა და ქვაბისხევში საგანგებო სიტუაციების სამსახურის ჯგუფები მონიტორინგის მიზნით კვლავ რჩებიან.
შესაბამისი უწყებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძრის ქრობის ღონისძიებებში ასობით მეხანძრე-მაშველთან ერთად, აქტიურად, კოორდინირებულად მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, ყველა ტიპის ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა, სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი. ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოებში თურქეთის რესპუბლიკის სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავებიც ჩაერთვნენ. ხანძართან ბრძოლაში თურქეთის რესპუბლიკის 3 სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავიც მონაწილეობდა.
“ხანძრის ქრობის პროცესში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, აქტიურად მონაწილეობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები. დილიდან მუშაობა განაახლეს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა. საერთაშორისო დახმარების ფარგლებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დილიდან ხანძრის სექტორების დამუშავების პროცესში ჩაერთო თურქეთის რესპუბლიკის 8-ტონიანი ავზის მქონე სახანძრო თვითმფრინავი”, – განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
მაინც როგორ ჩნდება ტყის ხანძრები?!
BBC-იმ ამ საკითხთან დაკავშირებით მოამზადა სტატია, სადაც მოკლედ არის გაანალიზებული ხანძრის გამომწვევი მიზეზები. სტატიაში ნათქვამია, რომ ცეცხლს სამი რამ სჭირდება: მასალა, რომელიც იწვის, ჟანგბადი და სითბო. მეხანძრეები ხშირად საუბრობენ ცეცხლის ამ სამკუთხედზე, როდესაც ჩაქრობას ცდილობენ.
იდეა ის არის, რომ თუ ისინი ამ სამი ელემენტიდან ერთ-ერთის ლიკვიდაციას მოახდენენ, უკვე თავისუფლად აკონტროლებენ სიტუაციას და საბოლოოდ ჩააქრობენ ცეცხლს. ცხელი ზაფხულის დღეებში, როდესაც გვალვა პიკს აღწევს, მატარებლის ბორბლისგან წარმოქმნილ ნაპერწკალსაც კი შეუძლია მასშტაბური ხანძრის გამოწვევა. ხანდახან, ცეცხლი ბუნებრივად ჩნდება, რომელსაც მზის სიცხე ან მეხის ჩამოვარდნა იწვევს. თუმცა, ტყის ხანძრების უმეტესობა ადამიანის დაუდევრობის შედეგია. მიზეზებში შედის ხანძრის განზრახ გაჩენა, კოცონები, ანთებული სიგარეტის გადაგდება, ნარჩენების არასწორად დაწვა, ასანთით ან ფეიერვერკით თამაში.
ბოლო პერიოდში მომხდარი ხანძრების გაჩენის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. სახელმწიფო უწყებებს ამის თაობაზე ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებიათ. თუმცა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გამომწვევ მიზეზებზე, პოლიტიკური ხასიათის განცხადება მაინც გააკეთა. „არ არის გამორიცხული, რომ ქვეყანაში გახშირებული ხანძრები დივერსიის შედეგი იყოს“ – განაცხადა მან მთავრობის სხდომაზე.
მისივე განცხადებით, ქვეყნის შიგნით მოქმედი „დესტრუქციული ძალების“ გათვალისწინებით, გამოძიებამ ყველა ვერსიაზე უნდა იმუშაოს.
„საეჭვოცაა, რომ რამდენიმე რეგიონში ერთდროულად ჩნდებოდა ხანძარი…ძალიან ბევრ ადამიანს გაუჩნდა განცდა იმისა, რომ შესაძლოა ეს დაუდევრობით, სიცხით იყო გამოწვეული. არის ვერსიები, რომ ეს შესაძლოა იყოს დივერსია. არაფერია გამორიცხული, გამოძიებამ ყველა მიმართულებით უნდა იმუშაოს. ჩვენ არაფრის გამორიცხვა არ შეგვიძლია, ვინაიდან ვიცით ქვეყნის შიგნით მოქმედი დესტრუქციული ძალების ბუნება და მათი მიდრეკილებები, არაფერია გამორიცხული. ამიტომ გამოძიებამ ყველა მიმართულებით უნდა იმუშაოს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.