ბორჯომის ხეობაში საუკეთესო კურორტ ახალდაბაში, საოჯახო სასტუმრო „ლუტრეზი“-ს და მედიაკაფეს რამდენიმე დღით ამპუტანტ ბავშვთა საფეხბურთო გუნდ „ჯეო ჯუნიონი“-ს წევრები სტუმრობდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ წვიმიანი ამინდები დაემთხვათ, გუნდის ხელმძღვანელის, გიორგი ხვედელიძის დამსახურებით, ბავშვებმა არამარტო დასვენება და ახალდაბის ლამაზი ადგილების მონახულება შეძლეს, არამედ ყოველდღიურად ვარჯიშობდნენ. ისინი ევროპის „ჯუნიორ კამპისთვის“ ემზადებოდნენ, რომელიც თბილისში ივლისში გაიმართება.
ჩვენ გუნდის რამდენიმე წევრს გავესაუბრეთ: ლაშა ბრეგაძეს, გურამ პუხოშვილს, გიორგი გოგოლაძეს და ნიკა გაბაშვილს, რომლებიც ძალიან მადლიერებას გამოხატავდნენ თავიანთი მწვრთნელის, გიორგი ხვედელიძისა და თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელობის (დირექტორი შალვა მაისურაძე) მიმართ, რადგან სწორედ ამ ცენტრის დაფინანსებით გახდა შესაძლებელი მათი დასვენება და ევროპის ტურნირისთვის მოსამზადებელი ვარჯიშების გამართვა ახალდაბაში.
გუნდის მწვრთნელმა, გიორგი ხვედელიძემ, გვიამბო, რომ მან ამპუტანტ ბავშვთა საფეხბურთო გუნდი 2013 წელს ჩამოაყალიბა. ასეთი ბავშვების მოსაძიებლად თითქმის საქართველოს ყველა რეგიონი შემოიარა და დღესაც იმავეს აგრძელებს, რათა დაეხმაროს ახალგაზრდებს იმის გააზრებაში, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, რომ ფეხის ან ხელის დაკარგვით ცხოვრება არ მთავრდება და მათაც ისევე შეუძლიათ აისრულონ ოცნებები, ითამაშონ დიდი ფეხბურთი, როგორც სხვა, ჯანმრთელ ბავშვებს.
სხვათაშორის, ამის დასტური ისიც გახლდათ, რომ ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდის ვარჯიშებს თავად ახალდაბელი ბავშვებიც შეურთდნენ და ერთობლივი მეგობრული მატჩიც გამართეს. სტუმრების მონდომებამ და მოქნილობამ სახელდახელოდ შეკრებილი ახალდაბელი მაყურებელიც მოხიბლა.
ახალდაბელები ძალიან ვგულშემატკივრობთ „ჯეო ჯუნიონს“ 14/18 ივლისის ევროპის „ჯუნიორ კამპი“-ს ტურნირზე და გამარჯვებას ვუსურვებთ მათ!
ლექსო ჩადუნელი