სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სააგენტოსა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
თანამშრომლობის მიზანია, მარტოხელა დედების, ძალადობის მსხვერპლი პირების, ასევე, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი და სახელმწიფო ზრუნვიდან გამოსული პირების პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება და ამ გზით შრომის ბაზარზე მათი დასაქმების ხელშეწყობა.
მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებულია „ზრუნვის სააგენტოს“ ბენეფიციართათვის პროფესიული კონსულტაციისა და კარიერის დაგეგმვის მომსახურებების მიწოდება მუნიციპალურ დონეზე, ბენეფიციართა საკვანძო კომპეტენციების განვითარება, პროფესიული მომზადება, პროფესიული გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლება და ამ გზით მათი დასაქმების ხელშეწყობა, რაც ხელს შეუწყობს მათ სოციალიზაციას და რეაბილიტაციას საზოგადოებაში.
თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორმა მერი მაღლაფერიძემ და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა ნინო ველთაურმა მოაწერეს.