ჩვენმა მკითხველებმა უკვე იციან, რომ მედიასახლი „პოსტსკრიპტუმი“ მერვე წელია,საქართველოს რეგიონებში ახორციელებს საქველმოქმედო წიგნიერების აქციას „წიგნი ყველა ბავშვს“. აქციის ფარგლებში წიგნები გადაეცემათ, ხოლმე, სოფლის ბიბლიოთეკებს, სკოლებს, მრავალშვილიან ოჯახებს, სოციალურად დაუცველ თუ შშმ პირებს.
ტრადიცის დღემდე უწყვეტობა წიგნიერების ფონდის სპონსორების მხარდაჭერითაა შესაძლებელი.
ჩვენი საქველმოქმედო აქციის ერთ-ერთი ტრადიციული მხარდამჭერია ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში, ბატონი ანტონ ობოლაშვილი.
ბატონი ანტონის ქველმოქმედებით წიგნები უკვე გადაეცათ ბორჯომისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების რამდენიმე სკოლას, ბიბლიოთეკას თუ წარმატებულ მოსწავლეებს. პარლამენტარის თქმით, ის ყოველთვის მხარში დაუდგება ისეთ კეთილშობილურ საქმეებს, რაც ახალგაზრდების განათლების და ცოდნის ამაღლებასთანაა დაკავშირებული. ამ კუთხით კი ამ ეტაპზე მისი განსაკუთრებული ზრუნვის ადრესატები, ბუნებრივია, ის მუნიციპალიტეტები არიან, რომელთა წინაშეც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია და რომლებმაც მაჟორიტარის მანდატი ანდვეს.
ამჯერად პირველ ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჩვენი რედაქცია, წიგნიერების მორიგი აქციის ფარგლებში, ადიგენის მუნიციპალიტეტს სტუმრობდა.
ადგილზე მასპინძლობას პარლამენტარის ადიგენის ბიუროს ხელმძღვანელი, ბატონი როინ აბულაძე და ბიუროს წევრები: ლილი კუბლაშვილი , დათო კიკნაძე და ვაჟა ნადირაძე გვიწევდნენ.
წიგნიერების აქციის ფარგლებში, ბატონ ანტონ ობოლაშვილის სპონსორობით მოხდა მაღალპოლიგრაფიულ დონეზე გამოცემული სხვადასხვა ჟანრის საუკეთესო კლასიკური ლიტერატურის შეძენა, რომელიც საჩუქრად გადავეცით ადიგენის მუნიციპალიტეტის სამ სკოლას:
· სსიპ მოხის საჯარო სკოლას (დირექტორი ნათია რეხვიაშვილი), რომელიც ახლახანს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განახლდა და აქ ადიგენის მუნიციპალიტეტის 14 სოფლის 150 მოზარდი იღებს განათლებას;
· სსიპ ლელოვანის საჯარო სკოლას (დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მზევინარ ბუიძე), სადაც ადიგენის მუნიციპალიტეტის 6 სოფლიდან სწავლობს 145 მოსწავლე, მათ შორის – შშმ პირები;
· სსიპ ჭელას საჯარო სკოლას (დირექტორი გია ჩიხრაძე), რომელიც მცირეკონტიგენტიანი სკოლაა და სულ 28 მოსწავლე ჰყავთ…
ბუნებრივია, ჩვენი წიგნიერების აქციის მთავარი გმირები – მასპინძელი სკოლების მოსწავლეები თუ მასწავლებლები გაცისკროვნებული თვალებითა და მადლიერების განცდით შეხვდნენ მაჟორიტარი დეპუტატის გამოგზავნილ საჩუქარს და აღნიშნეს, რომ ასეთი წიგნები ძალიან დიდი სტიმულია მათი ცოდნის გასაუმჯობესებლად. ამის ერთ-ერთ დასტურად კი ლელოვანის სკოლის მეხუთეკლასელის, ქეთევან ჭანტურიძის ის რეაქციაც გახლდათ, რაც ჩვენი სტუმრობისას გამოხატა: მან სიამაყით გაგვიმხილა, რომ გაიმარჯვა ერთ-ერთ სატელევიზიო კონკურსში, სადაც ვიდეოს ჩაწერა ევალებოდა თავისი საყვარელი წიგნის შესახებ და სხვა ბავშვებისთვის რჩევის მიცემა, თუ რატომ უნდა წაიკითხონ მისი რჩეული წიგნი.
დარწმუნებული ვარ, რომ ქეთევანი და ის სხვა მოზარდებიც, რომელთა სკოლების ბიბლიოთეკებიც მართლაც ძალიან საინტერესო და აქტუალური ლიტერატურით გამდიდრდა, კიდევ უფრო დაუმეგობრდებიან წიგნს და ბევრ წარმატებასაც მიაღწევენ… და ყოველთვის ბავშვური აღტაცებით გაახსენდებათ მაჟორიტარი დეპუტატის საპირველივნისო საჩუქარი.
ნატო გუბელაძე
მედიასახლ „პოსტსკრიპტუმის“ მთავარი რედაქტორი
ფოტოები: ლილი კუბლაშვილის