მედიასახლი „პოსტსკრიპტუმი“ უკვე მერვე წელია, ახორციელებს საქველმოქმედო წიგნიერების აქციას სოფლად თუ ქალაქად მცხოვრები წარმატებული ბავშვებისათვის, მრავალშვილიანი ოჯახებისა თუ მზრუნველობამოკლებული, სოციალურად დაუცველი პატარებისთვის.
ტრადიცის უწყვეტობა კი წიგნიერების ფონდის სპონსორების მხარდაჭერითაა განპირობებული. კომპანიები: „სარაჯიშვილი“, „თელიანი ველი“, „თელავის ღვინის მარანი“,“სომელიეთა ასოციაცია“, „დირსი“, ჭიათურმანგანუმი“ და სხვები წიგნიერების ფონდის დიდი ხნის პარტნიორები და მხარდამჭერები არიან. უკვე რამდენიმე სოფელსა თუ ქალაქში მცხოვრები ბავშვები და ასევე – სოფლის სკოლის ბიბლიოთეკები დასაჩუქრდნენ არაჩვეულებრივი წიგნებით.
წელს წიგნიერების ფონდის სპონსორებს ბატონი ანტონ ობოლაშვილი შემოუერთდა, რომელიც არის ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში. სწორედ მისი მხარდაჭერით, საახალწლო აქციის ფარგლებში წიგნიერების ფონდი ბორჯომის მუნიციპალიტეტს სტუმრობდა. აქციის ორგანიზატორმა, ინტერნეტგამოცემების: psnews.ge -სა და borjominews.ge -ს მთავარმა რედაქტორმა, ნატო გუბელაძემ,პირველ რიგში, აქ არსებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე დღის ცენტრ „თებე“-ს აღსაზრდელები მოინახულა და მათთვის საჭირო წიგნებითა თუ სახატავი საშუალებებით დაასაჩუქრა, ხოლო შემდეგ ახალდაბის საჯარო სკოლის მესამე საფეხურის წარმატებულ მოსწავლეებს შეხვდა და სხვადასხვა ჟანრის საუკეთესო კლასიკური ლიტერატურა გადასცა საჩუქრად.
აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ახალდაბელი მოსწავლეები ბოლო რამდენიმე წელია, განსაკუთრებული ატიურობით და წარმატებებით გამოირჩევიან სხვადასხვა დონის კონკურსებსა თუ ღონისძიებებში, რაც უდაოდ არის სკოლის ერთ-ერთი საუკეთესო პედაგოგის, თამუნა დემეტრაშვილისა და თავად სკოლის დირექტორის, ქალბატონ მარინა ლომიძის დამსახურება.
ნატო გუბელაძემ კიდევ ერთი საჩუქარი გაუკეთა ახალდაბელ მოსწავლეებს, მან ისინი ინტერნეტგამოცემა www.borjominews.ge -ს სტაჟიორ კორესპონდენტებად მიიღო და თან სამომავლოდ მათი ახალგაზრდული საინტერესო ინიციატივებისა და პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში დახმარებას დაპირდა. როგორც ნატო გუბელაძემ მოსწავლეებთან საუბრისას აღნიშნა, ის ახალდაბაში, თავისი საოჯახო სასტუმრო „ლუტრეზი“-ს ბაზაზე გეგმავს ახალგაზრდული მედიაკაფეს ჩამოყალიბებას, რომელიც ყველა ადგილობრივი ახალგაზრდისთვის საყვარელ სივრცედ და მათი ინიციატივების განხორციელების კერად უნდა იქცეს.სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვან მისიადაც მიაჩნია, რომ რაც შეიძლება მეტი ახალდაბელი მოსწავლისა თუ ახალგაზრდის გააქტიურებას ხელი შეუწყოს, რომ მათ უფრო მეტად შეძლონ ადგილობრივ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვა და თემის განვითარებაში თავისი წვლილის შეტანა.