14-16 ნოემბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ჩატარდება აქცია „ღამე მუზეუმში“. აქციის ფარგლებში 50 მუზეუმი დამთვალიერებელს შემეცნებით და სახალისო აქტივობებს დისტანციურად, ციფრულ ფორმატში შესთავაზებს. კერძოდ, გაიმართება ონლაინ გამოფენები, ვირტუალური და ლაივ ტურები, საგანმანათლებლო პროგრამებისა და კურატორების ბლოგების პრეზენტაციები, ექსპონატების შესახებ საინტერესო ისტორიების ვიდეოჩვენებები და სხვა.
„ღამე მუზეუმში“ 2005 წლიდან ევროსაბჭოს პატრონაჟით ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში ყოველწლიურად ტარდება. აქციამ შემდგომ წლებში ფართო მასშტაბი მიიღო და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გავრცელდა. 2011 წელს აქციას საქართველოც შეუერთდა. აღსანიშნავია, რომ აქციაში სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი მუზეუმების გარდა, აქტიურად არიან ჩართული კერძო და ადგილობრივი თვითმართველობის დაქვემდებარებაში არსებული მუზეუმები. აქციის მთავარი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მუზეუმების, მასში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების ხელმისაწვდომობის გაზრდა.
„ღამე მუზეუმში“ მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში მაისში იმართება, თუმცა წელს, მსოფლიოში პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გათვალისწინებითა და მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) რეკომენდაციით, აქციის „ღამე მუზეუმში“ ჩატარების თარიღად 14-16 ნოემბერი განისაზღვრა.
დაგეგმილი ღონისძიებების კალენდარი იხილეთ ბმულზე: http://mes.gov.ge/content.php?id=11377&lang=geo