საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ დაკვეთით, ავსტრიულ-შვეიცარულმა კომპანია „დოპლმაიერ-გარავენტა ჯგუფმა“ ბაკურიანში სამი ახალი საბაგიროს მშენებლობა დაასრულა.
დასრულებული საბაგიროების მუშაობას ადგილზე გაეცნო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.
„რეკორდულ ვადებში დავასრულეთ ახალი საბაგიროების მშენებლობა დიდველზე. საბაგიროები ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია იმ ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების და ახალი სიცოცხლის, რასაც ვაძლევთ ბაკურიანს. როგორც იცით, 2023 წელს ბაკურიანი ფრი სტაილში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. ეს არის დიდი პასუხისმგებლობა, რომელსაც ჩვენ ახალი პროექტებით ვპასუხობთ“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
მისივე განცხადებით, 2021 წელს ბაკურიანი უკვე უმასპინძლებს პირველ შეჯიბრს ახალი საბაგიროებისა და ახალი ტრასების მეშვეობით. ეს იქნება პირველი სატესტო ღონისძიება ქროსის დისციპლინაში, სქი ქროსის მსოფლიო თასის ეტაპი.
„გარდა ამისა, მოხდა ბაკურიანის ძალიან დიდი ინფრასტრუქტურული განვითარება; აშენდა შემოვლითი გზა, რეაბილიტირდა ახალი გზა მიტარბამდე და კოხტამდე, გაკეთდა ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი, იგეგმება რეკრეაციული ზონების განახლება. ყველაფერი ეს მოგვცემს მეტ შესაძლებლობას, რომ ვუმასპინძლოთ ბაკურიანში მეტ ტურისტს, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ზომისა და წესის დაცვით. გარდა ამისა, მთლიანად საქართველო უკვე დატანილი იქნება მსოფლიო დონის სპორტული შეჯიბრებების რუკაზე“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
საბაგიროები არის 6 ადგილიანი სავარძლის ტიპის. სამივე საბაგიროს გამტარუნარიანობა ჯამში, პირველ ეტაპზე, საათში 5 400 მგზავრი იქნება, რომლის გაზრდაც ჯამურად 7 200 მგზავრამდე არის შესაძლებელი. ინოვაციური, უახლესი მოდელით შექმნილი საბაგიროები რეგიონში იმითაც გამოირჩევა, რომ მიწისქვეშა ფარეხი გააჩნია.