სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამაზე ბიზნესიდეების მიღება 25 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.
„საგრანტო პროგრამის მასშტაბურობიდან გამომდინარე, ძალიან დიდია ინტერესი და მომართვიანობა. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ ბიზნესიდეების განაცხადების მიღების ვადის გაზრდა, რათა ყველა პოტენციურმა თუ არსებულმა მეწარმემ გამოიყენოს ეს შესაძლებლობა და ჩვენი მხარდაჭერით წამოიწყოს ან განავითაროს ბიზნესი,“ – განაცხადა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიხეილ ხიდურელმა.
შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრამის ბიუჯეტი 40 მილიონ ლარამდე გაიზარდა და საგრანტო პროგრამის გრანტის მოცულობის ზედა ზღვარი 30 000 ლარი გახდა. მნიშვნელოვანია, რომ პროგრამის სამიზნე ტერიტორიულ ერთეულებს ემატება თბილისი.
პროგრამა მიზნად ისახავს მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებას, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ასევე, პროგრამა ხელს შეუწყობს ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული უარყოფითი ეკონომიკური გავლენის შემცირებასაც. პროგრამის ფარგლებში უკვე მხარდაჭერილია 6 212 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიცია 61 მლნ ლარზე მეტია.