ბორჯომში სასწავლო წელი საკლასო ოთახში, მერხებთან დაიწო, პანდემიის გამო გაცემული რეკომენდაციების სრული დაცვითა და სიზუსტით. ქართული ჰიმნი და პატრიოტულ მოტივებზე დაწერილი მელოდიები მთელი დილის განმავლობაში ამხნევებდა მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს. განსაკუთრებული სილამაზით კი გამოირჩეოდნენ თაიგულით ხელში პირველკლასელები, ბორჯომის #1 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დაწყებას პირადად ადევნებდა თვალს ბორჯომის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ქალბატონი იზო ლომიძე.
იზო ლომიძე (ბორჯომის რესურსცენტრის ხელმძღვანელი): – სწავლა ყველა რეგულაციის გათვალისწინებით და დაცვით დაიწყო, ჩვენ ამისთვის ძალიან დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა, რათა მოწესრიგებული ყოფილიყო სასწავლო გარემო. განსხვავებული სასწავლო წელია, რაც პანდემიის შედეგია, მაგრამ მას მომზადებული შევხვდით. ყველა რეკომენდაციის დაცვით სკოლა გაიხსნა, რა თქმა უნდა, თავისი ჩვეული და აუცილებელი საგაკვეთილო ბადით, სიახლეებით, მომზადებული გარემოთი, მასწავლებლებით. მშობლებმაც და მოსწავლეებმაც ზუსტად იცოდნენ, თუ როგორი ვითარება დახვდებოდათ სასწავლო დაწესებულებებში. მეც დავიცავი დღეს ყველა რეგულაცია და შორიდან ვადევნებდი თვალს, თუ როგორ დაიწყო სასწავლო პროცესი და მომავალი კვირიდან დავიწყებთ ინტენსიურ მონიტირინგს სკოლებში.
ჩვენს მოსწავლებს, მასწავლებლებსა და მშობლებს ვუსურვებ წარმატებულ სასწავლო წელს. ერთად დავიცვათ საკუთარი და სხვების ჯანმრთელობა, ერთად ვებრძოლოთ პანდემიას და მივიღოთ კარგი განათლება.
ჯულიეტა ჯინჯოლავა (ბორჯომის #1 საჯარო სკოლის დირექტორი): – სწავლა დავიწყეთ შერეული (ჰიბრიდული) მოდელით, ზუსტად ყველა რეკომენდაციის დაცვით, ყველაფერი წესრიგშია, ამისთვის ყველაფერი გააკეთა განათლების სამინისტრომ, ჩვენმა რესუსცენტრმაც და სკოლის ადმინისტრაციამ. ახლა იმედი მაქვს, რომ ასეთივე თანადგომა გვექნება მშობლების მხრიდან და მოსწავლეებიც გააცნობიერებენ ამ მნიშვნელოვან საფრთხესა და პასუხისმგებლობას. ასე, ერთად ვისწავლით სასწავლო წლის მართვას პანდემიის პირობებში.
ციცი მუმლაძე (მშობელი): – დიდი სიხარულით მოვედით სკოლაში და მოლოდინი გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ კარგის. გვჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება და მოსწავლეები ჩვეულებისამებრ ივლიან სკოლაში. მაქსიმალურად დავიცავთ გაცემულ რეკომენდაციებს.
მარი ბერიძე (მშობელი): – პირველად მიდის სოფიო სკოლაში და ძალიან ვღელავ, რთულ პერიოდში უწევს პირველი ნაბიჯების გადადგმა. წინასწარ ჰქონდა ვირუსზე ინფორმაცია და ამ მიზეზით სკოლაში არსებული წესების შესახებ ინფორმირებულია. ჩვენთვის ძალიან ამაღელვებელი და მნიშვნელოვანი დღეა.
მარიამ ლომსაძე (ბორჯომის #1 საჯარო სკოლის მოსწავლე): – აქამდე ჩემს მეგობრებს ვირტუალურად ვხედავდი, დღეს მათ შევხვდი და მიხარია. როდესაც სხვა ქალაქებში სწავლა გადადეს, ვღელავდი, რომ ჩვენთანაც ისევ ონლაინ არ დაწყებულიყო სწავლა. მენატრებოდა სკოლა, დღეს ჩვენ გაგვიმართლა.
გიგი ხაჩიძე (ბორჯომის #1 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე): – ძალიან ვღელავ, მეშინია, რომ კლასელები ვერ ვიცნო. ალბათ, მარტივად შევეგუებით ახალ სასწავლო წელს და დავიწყებთ ცხოვრებას და სწავლას კორონა ვირუსთან ერთად. რეგულაციებს მაქსიმალურად დავიცავთ. აღნიშნული წესები დირექციამ, მასწავლებლებთან ერთად გაგვაცნო.
იზა იანვარაშვილი