შიდა ქართლის რეგიონში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინა კიდევ 37 დევნილ ოჯახს გადაეცემა.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა სიმონ გულედანმა გორში ის კორპუსი მოინახულეს, სადაც უახლოეს მომავალში დევნილები ბინებს მიიღებენ.
სააგენტოს დირექტორის განცხადებით, დევნილი ოჯახები თანამედროვე სტანდარტების შესაბამის პირობებში იცხოვრებენ.
„ამ ეტაპზე, მონიტორინგის ჯგუფები შიდა ქართლის რეგიონში ადგილზე სწავლობენ ყველა იმ ოჯახის საცხოვრებელ პირობებსა და საჭიროებებს, რომლებსაც მინიმუმ 2.5 ქულა მიენიჭათ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ახალი მიდგომის თანახმად, თუ არსებული ბინების რაოდენობა საკმარისი არ იქნება, დევნილ ოჯახებს ადმინისტრაციულ დაპირებას გადავცემთ და მათთვის საცხოვრებელ ფართებს უახლოეს მომავალში შევისყიდით“, – განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა. 2020 წელს, დევნილთა სააგენტო ახალ საცხოვრებელს ჯამში, 2000-ზე მეტ იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადასცემს.