ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობისხევთან, ნადიკრებისა და გოგიჩაანთ ღელეს მე-12 საუკუნის ნამოსახლარზე მიმდინარე სამეცნიერო ექსპედიციისას ახალი არქიტექტურული ნაგებობები და არქეოლოგიური მასალა აღმოაჩინეს.
როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, არქეოლოგიურ მასალებსა და არქიტექტურულ ნაგებობებს ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორთან, ნიკოლოზ ანთიძესთან, ეროვნული მუზეუმის დირექტორთან, დავით ლორთქიფანიძესთან და არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელთან, ირინა ღამბაშიძესთან ერთად გაეცნო.
„ე.წ. მეგალითური ნამოსახლარის გაწმენდისას ლოდების მშრალი წყობით ნაგები სამეურნეო და საცხოვრებელი შენობები აღმოაჩინეს, რომელიც დაგეგმარების სპეციფიურობით გამოირჩევა და არქაული იერსახე აქვს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. მათივე ცნობით, ექსპედიცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს და ეროვნული მუზეუმის თანამშრომლობით განხორციელდა.