2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის პროცესი დასრულდა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) რეგისტრაცია 66-მა პარტიამ გაიარა.
ცესკოს, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად სულ 78-მა პარტიამ მიმართა. აქედან 12-ს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე. შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციამ საარჩევნო პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი დაასრულა. პოლიტიკური პარტიებისთვის შემდეგი ეტაპი მოიცავს პარტიული სიების წარმოდგენას, რომელსაც პარტია/საარჩევნო ბლოკი ცესკოს თავმჯდომარეს წარუდგენს (არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა) და შესაბამისად იწყება პარტიული სიების შემოწმების და შემდეგ უკვე აღნიშნული პარტიული სიის რეგისტრაციის პროცესი. რაც შეეხება მაჟორიტარ კანდიდატებს, – პარტია/საარჩევნო ბლოკი თითოეულ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარადგენს საქართველოს პარლამენტის წევრობის თითო კანდიდატს (არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა).