სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ზაალ გელაშვილმა, ადმინისტრაციის სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტები განიხილეს. სახელმწიფო რწმუნებულის, ზაალ გელაშვილის თქმით, რეგიონების განვითარება ხელისუფლების პრიორიტეტია და ამ პროცესის მაქსიმალური ხელშეწყობისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება მჭიდრო თანამშრომლობას და კოორდინაციას.
შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ: რწმუნებულის მოადგილე სერგი მუშკუდიანი, აპარატის უფროსი გიორგი მიქელაძე, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი მარინა გაჩეჩილაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გოჩა ბერიძე.
მხარის რწმუნებულმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ბორჯომის სასპორტო სკოლის და ბიბლიოთეკის შენობის რეკონსტრუქცია\რეაბილიტაციის სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა. პროექტი ითვალისწინებს რუსთაველის ქუჩის N107-ში მდებარე შენობის სრულ რეკონსტრუქცია /რეაბილიტაციას, სადაც მოეწყობა შესაბამისი დარბაზები, შიდა სავარჯიშო სივრცით, სამკითხველო დარბაზი, მედიათეკის სივრცე, საკონფერენციო დარბაზი და საოფისე ოთახები. ასევე ნიკოლაძის ქუჩაზე მიმდინარეობს 37 მეტრი რკინა-ბეტონის საყრდენი კედლის მოწყობა.





