მუცლის შებერილობა, იგივე მეტეორიზმი, საკმაოდ გავრცელებული სიმპტომია, რომელსაც ნაწლავებში აირების ჭარბი დაგროვება იწვევს. მუცლის შებერილობას ხშირად სრულიად ჯანმრთელი ადამიანებიც უჩივიან, თუმცა ზოგ შემთხვევაში იგი შესაძლოა საჭმლის მომნელებელი სისტემის სერიოზულ დაავადებაზე მიანიშნებდეს.
მუცლის შებერილობას ძირითადად ფერმენტული პრეპარატებით, ნაწლავური მიკროფლორის აღმდგენი ბაქტერიული მედიკამენტებით, ნაწლავის მოტორიკაზე მოქმედი საშუალებებით მკურნალობენ.
ეუკარბონი ერთ-ერთი ეფექტიანი პრეპარატია, რომელსაც მუცლის შებერილობის სამკურნალოდ ხშირად ნიშნავენ, გარდა ამისა იგი ეფექტიანია ყაბზობის, ნაწლავის მოქმედების შენელების, ნაწლავში ფერმენტაციისა და ლპობის პროცესების სამკურნალოდ.
ეუკარბონი მცენარეულ და მინერალურ ნივთიერებებზე დამზადებული პრეპარატია, რომელიც გამოიყენება ყაბზობის სამკურნალოდ. მას გააჩნია საჭმლის მონელების მარეგულირებელი და მსუბუქი საფაღარათო, ასევე მეტეორიზმის საწინააღმდეგო მოქმედება.
პრეპარატი ნაჩვენებია შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:
- ყაბზობა (შეკრულობა) და მისი სიმპტომები, როგორიცაა: ნაწლავის მოქმედების შენელება, მუცლის შებერილობა, მეტეორიზმი, ფერმენტაციის და ლპობის პროცესები ნაწლავში;
- საჭმლის მომნელებელი სისტემის ზოგადი დარღვევები.
- გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი.
- დეტოქსიკაცია.
- ნაწლავების გაწმენდა რენტგენის და ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის წინ.
რა გვერდითი ეფექტები შეიძლება მოჰყვეს ეუკარბონის მიღებას?
ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ეუკარბონიც იწვევს გარკვეულ გვერდით ეფექტებს, თუმცა საკმაოდ იშვიათ შემთხვევებში.
პრეპარატის შესაძლო გვერდითი ეფექტებია:
- მუცლის ტკივილი და დიარეა;
- გულისრევა, ღებინება – პრეპარატის ზედოზირების შემთხვევაში;
- კუნთების სისუსტე და ყაბზობის გაუარესება — პრეპარატის ჭარბი დოზით ან ხანგრძლივად მიღების შემთხვევაში;
- შარდის წითელი შეფერილობა — რასაც იწვევს ტუტოვანი რეაქცია და საშიში არ არის.
თუ რომელიმე ზემოთ აღნიშნული გვერდითი მოვლენები გამწვავდა ან დაფიქსირდა სხვა გვერდითი ეფექტები, აუცილებლად აცნობეთ ექიმს.
რა უნდა იცოდეთ ეუკარბონის მიღებამდე?
ეუკარბონის მიღება არ შეიძლება:
- თუ გაქვთ ალერგია პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ;
- თუ გაქვთ ნაწლავის ოკლუზია;
- ნაწლავის ანთების დროს;
- უცნობი წარმოშობის მუცლის ტკივილისას;
- წყლისა და მინერალური ბალანსის მძიმე ფორმის დარღვევისას;
- თუ გაქვთ კუჭის ან ნაწლავის წყლული;
- აპენდიციტი.
თუ გაქვთ ზემოთ მითითებული დაავადებები და მაინც გჭირდებათ ეუკარბონის მიღება, აუცილებელია ეს მოხდეს მკურნალი ექიმის უშუალო მეთვალყურეობით.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია: ეუკარბონი არ გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. ასევე, 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
სიფრთხილის დამატებითი ზომები
თუ ეუკარბონით მკურნალობა 14 დღეზე მეტ ხანს გაგრძელდება, შესაძლოა პრეპარატის ეფექტიანობამ იკლოს.
აუცილებლად აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით რაიმე სხვა პრეპარატს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემსაც.
იმ შემთხვევაში, თუ პარალელურად მკურნალობთ საგულე საშუალებებით, შეიძლება გაიზარდოს მათი მოქმედება.
გაითვალისწინეთ, რომ ეუკარბონი არ გამოიყენება გასახდომად!
R