ბორჯომში 60 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციით Wyndham Grand-ის 5-ვარსკვლავიანი მულტიფუნქციური ბალნეოლოგიური კომპლექსის ასაშენებელი პროექტის დაწყებისადმი მიძღვნილი ცერემონია გაიმართა.
ცერემონიაში, პროექტის ინვესტორებთან ერთად, მონაწილეობა საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, თამაზ იორაშვილმა, და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა, ოთარ არბოლიშვილმა, მიიღეს.
პროექტის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო.
Wyndham Grand Borjomi-ის პროექტის განხორციელებისას 300-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება. კომპლექსი გააერთიანებს 5-ვარსკვლავიან სასტუმროს, 400-ზე მეტ საინვესტიციო რეზიდენციას და ბალნეოლოგიურ ცენტრს. რაც შეეხება სარეკრეაციო ზონას, იქ განთავსდება ზიპლაინი, სათხილამურო ტრასა, ფეხბურთის მოედანი, საფეხმავლო და ველობილიკები.
პროექტის პირველი ეტაპი 2027 წლის ბოლოს დასრულდება, ხოლო კომპლექსი სრულად 2029 წელს ამოქმედდება.
Wyndham Grand Borjomi – ის პროექტი ხორციელდება დეველოპერული კომპანიების – „ნიუ სითი დეველოპმენტის” და „აპკოს” მიერ Wyndham Hotels & Resorts-თან და სასტუმრო მენეჯმენტის გლობალურ ლიდერ კომპანია Aimbridge Hospitality-თან თანამშრომლობით.





