პირველ განყოფილებაში ემიგრანტმა მოზარდებმა მაყურებელს მიუზიკლი “რწყილი და ჭიანჭველა” წარმოუდგინეს. პიესის და მუსიკის ავტორი ასევე, ემიგრანტი კომპოზიტორი, თურქეთში მცხოვრები ნელი აფციაურია.
„უმაღლეს დონეზე წარმოადგინეს უცხო მიწაზე დაბადებულმა ქართველებმა ჩემი მიუზიკლი „რწყილი და ჭიანჭველა“. გამართული ქართული მეტყველება, მუსიკალური და ვოკალური შესაძლებლობები უმაღლეს შეფასებას იმსახურებს. მადლობა ქალბატონ მანანა ხორბალაძეს ამ მნიშნელოვანი და ეროვნული საქმისთვის, რასაც ის ქართული თეატრით აკეთებს ბელგიის სამეფოში“,-განაცხადა ნელი აფციაურმა.
მეორე განყოფილებაში უკვე უფროსი თაობის მოყვარულმა მსახიობებმა კონსტანტინე გამსახურდიას “დიდოსტატის მარჯვენას” მიხედვით დადგმული სპექტაკლი უჩვენეს მაყურებელს. სპექტაკლში ბელგიაში, საფრანგეთსა და ირლანდიაში მცხოვრები ემიგრანტები მონაწილეობდნენ. ორივე სპექტაკლის რეჟისორი თეატრის დამფუძნებელი მანანა ხორბალაძეა.
„ბედნიერი ვარ, რომ მოვახერხეთ ამ სპექტაკლების დადგმა. შევძელით მაყურებელს ემოგზაურა ისტორიულ სამშობლოში სპექტაკლის გმირებთან ერთად და გავაცოცხლეთ XI საუკუნის ეპოქა. ჩემთვის უდიდესი მნიშნელობა აქვს ემიგრაციაში დაბადებულმა ბავშვებმა იცოდნენ ქართული ენა და საქართველოს ისტორია. რთულია ეს ყველაფერი, მაგრამ მაინც ვახერხებ ჩემს პედაგოგებთანთათა კალანდიასთან,
ვერიკო როსტომაშვილთან და
ფიქრია პირმისაშვილთან ერთად შევინარჩუნოთ ქართული ენა, თვითმყოფადობა და ტრადიციები. მახარებს მშობლებისა და მათი შვილების ენთუზიაზმი ეზიარონ ქართულ ენასა თუ ტრადიციებს. მადლობა ყველას ვინც დაგვეხმარა ამ მნიშნელოვანი სპექტაკლების განხორციელებაში. მათ შორის არიან ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები მოყვარული მსახიობები: სანდრო ახმეტელაშვილი
მარიამ მარნაძე
მაქსიმე მაჭავარიანი
ანა შავთვალაძე და
გაგი გაგალაძე. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ სამშობლოს სიყვარულით გულანთებული ახალგაზრდები შემოუერთდნენ ჩვენს პატარა საქართველოს ბელგიის სამეფოში, რათა ერთობით ვაკეთოთ ქართული საქმე უცხო მიწაზე“,- აღნიშნა თეატრის „ჩვენ დავბრუნდებით“ დამფუძნებელმა მანანა ხორბალაძემ.
სპექტაკლების საპრემიერო ჩვენებები ბელგია-ჰოლანდიის ეპარქიის დაფუძნების 10 წლის საიუბილეო თარიღს მიეძღვნა. წარმოდგენების ჩვენებას ბელგია-ჰოლანდიის ეპარქიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
„უდიდესი სიხარული მოაქვს ამ ბავშვებს, როდესაც გამოდიან სცენაზე. ამაზე უფრო მნიშვნელოვანი და საჭირო რა უნდა გაკეთდეს, როცა ემიგრაციაში დაბადებული მოზარდები საუბრობენ ქართულად და აზროვნებენ ქართულად, ეცნობიან ქართულ ხელოვნებას და საქართველოს ისტორიას. ანტვერპენის ლიტერატურული თეატრი „ჩვენ დავბრუნდებით“ არის უნიკალური მოვლენა ჩვენს სინამდვილეში. თუ უნდა დაუჭირო მხარი რამეს, სწორედ ეს თეატრია, თუმცა ეს ვერ ხერხდება სამწუხაროდ და ყოველგვარი მხარდაჭერის გარეშე ახერხებენ გაგვაოცონ თავიანთი საქმით და სპექტაკლებით. ულამაზესი საღამო გვაჩუქეს. მადლობა და წარმატებები მისურვებია“, განაცხადა ისე ბელგია-ჰოლანდიის ეპისკოპოსმა, მეუფე დოსითეოსმა.
ბელგიის სამეფოს ქალაქ ანტვერპენში მოქმედ ლიტერატურლ თეატრს „ჩვენ დავბრუნდებით“ უკვე 12 სპექტაკლი აქვს დადგმული და უახლოეს პერიოდში, დაფუძნებიდან 10 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მაყურებელს ახალ სპექტაკლს წარუდგენს.