რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ტურისტულ ზონებში წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მოსაწყობად სამუშაოებს აგრძელებს.
პროექტის ფარგლებში, საპროექტო – სამშენებლო სამუშაოები დაბა ბაკურიანში წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მოსაწყობად დაიწყო, რომლის ფარგლებშიც სამი ხელშეკრულება გაფორმდა.
დოკუმენტებს ხელი მოაწერეს წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, ნინო ნაროზაშვილმა და კონტრაქტორი კომპანიების, შპს „ინსი“-ს გენერალურმა დირექტორმა, ზვიად თოიძემ, შპს „გზა“-ს დირექტორმა, მალხაზ დუმბაძემ და შპს „ელ ჯორჯია“-ს დირექტორმა, დიმიტრი კუპატაძემ.
შპს „ელ ჯორჯიას“-თან ხელმოწერილი პროექტი სახელმწიფო პროგრამა ,,მშენებლობა განვადებით”-ის ფარგლებში განხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ ბაკურიანში ტურისტული ინფრასტრუქტურის სწრაფი განვითარება, ტურისტული ნაკადებისა და შესაბამისად, წყლის მოხმარების მკვეთრ ზრდას განაპირობებს. აქედან გამომდინარე, პროექტის ფარგლებში, წყალმომარაგების ახალი ქსელის, მაგისტრალური მილების, რეზერვუარების, წყლის სათავე და გამწმენდი ნაგებობების, ასევე სატუმბი სადგურის მოწყობაა დაგეგმილი. ამასთან, დამატებით დაგეგმილია გამწმენდი ნაგებობის რეაბილიტაცია-გაფართოება და წყალარინების ქსელის მშენებლობაც.
ინფორმაციისთვის, აღნიშნული პროექტები სამ ლოტად მიმდინარეობს და სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით – ჯამში 141 მლნ. ლარზე მეტი ინვესტიცია უნდა განხორციელდეს.